დავით ჭიჭინაძე სამდივნოს გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში გაასაჩივრებს
ია აბულაშვილი
20.07.2018

 "უმრავლესობას აღარ ვეკუთვნი, ფრაქციას ალბათ დავტოვებ, მაგრამ ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ. რაც შეეხება ჩემი პარტიიდან გარიცხვის საკითხს, ვაპირებ სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში გავასაჩივრო."

ასეთია პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხული დავით ჭიჭინაძის უახლოესი გეგმები. რა იყო მისი პარტიიდან გარიცხვის მთავარი მოტივი, ამის შესახებ "რეზონანსი" დავით ჭიჭინაძეს გაესაუბრა.

"რეზონანსი": როგორც თქვენი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, დავით ჭიჭინაძე თავის შეხედულებებით და გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა. მათი თქმით, კრიტიკა არავის ეკრძალება, მაგრამ არსებობს დამოუკიდებლობის გამოხატვის ფორმები, რასაც პარტია თავისი წევრებისგან მოითხოვს; ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

დავთი ჭიჭინაძე: როგორ და საიდან დაიწყო ყველაფერი ქრონოლოგიურად ეს ჩემზე უკეთ ჟურნალისტებმა იცით, მე ყოველთვის ვამბობდი იმ შეცდომებეზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარტიის შიგნით თუ გარეთ. ვაკრიტიკებდი იმ ადამიანებს, რომლებიც ვფიქრობდი, რომ შეცდომებს უშვებდნენ.

პიროვნულად არავის ვერჩოდი, ვამბობდი იმას რასაც ვფიქრობდი, არა ისე, როგორც ზოგიერთები, ადამიანი ვიდრე თანამდებობაზეა, ვერაფერს რომ ვერ უბედავან, რომ წავა მერე ყველაფერს იმას შეახოცავენ ხელს. ერთადართი, ვისაც ვერაფერს უბედავენ ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ რამე რომ მოხდეს მერე ნახეთ რა იქნება.

"რ": თვითონ პარტიიდან შეიტყვეთ გარიცხვის ამბავი?

დ.ჭ: არა, ჟურნალისტმა დამირეკა და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი მთხოვა.

"რ": თქვენ ეჭვი გამოთქვით, რომ პარტიიდან თქვენი გარიცხვის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებული ყოფილიყო...

დ.ჭ: მე მისი ხელმოწერა არ მინახავს და არც მსმენია, რომ მან ამის შესახებ იცოდა. ალბათ საქმის კურსში ჩააყენეს, მაგრამ რა უთხრეს, ვერ გეტყვით, რა იყო მიზეზი. მაგათ ხომ თავისი პიროვნული საკითხები უფრო აინტერესებთ, ვიდრე პოლიტიკური.

"რ": აპირებთ შეხვდეთ პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს?

დ.ჭ: თუ მას გაუჩნდება ჩემთან შეხვედრის სურვილი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით შევხვდები და ყველაფერს ავუხსნი, მაგრამ თუ არ მოხდება ეს შეხვედრა, არც ეს არის ტრაგედია.

სულ 115 დეპუტატი ვართ და ბატონი ბიძინა ყველას პერსონით ვერ დაინტერესდება და არც მე ვარ ის პერსონა, რომ ჩემით დაინტერესდეს, მას მართლაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაჭრელი.

"რ": რომელიმე პარტიაში ხომ არ აპირებთ გადასვლას, როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

დ.ჭ: ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე პარტიაში გადასვლა. მე აღარ ვარ უმარვლესობის წევრი, ფრაქციასაც დავტოვებ, მაგრამ ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელებ ჩემს საქმეს. ჯერ-ჯერობით მეგობრებთან მაქვს კონსულტაციები და ვაპირებ სამდივნოს გადაწყვტილება პოლიტსაბჭოში გავასაჩივრო.

"რ": როგორც თქვენმა ყოფილმა კოლეგამ, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, როცა შენი გუნდის წინააღმდეგ აღმოჩნდები შეტევაში, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება, არსებობს თამაშის წესები, პრინციპები, რომლის დარღვევის უფლებას არავის მისცემენ და თუ ეს განმეორდება მომავალში იქნება კიდევ უფრო მკაცრი პასუხი. თქვენი აზრით, კიდევ ვინ შეძლება აღმოჩნდეს თამაშგარე მდგომარეობაში და ვის შეიძლება პარტია დაატოვებინონ "გუნდთან შეტევის" მოტივით?

დ.ჭ: ვერ გეტყვით, მაგრამ შეუძლიათ ზოგი გამოგვაგდონ, ზოგიც დაგტოვონ, მაგრამ ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებაში" უნდა დარჩნენ და მუშაობა გააგრძელონ იმ ადამიანებმა ვინც არ არიან სიჩუმის პოლიტიკის გამტარებულები, ვინც პარტია დააფუძნა და პირველივე დღიდან იბრძოდა ბიძინა ივანიშვილის გვერდით.

მე ადრეც მითქვამს, და ახლაც გავიმეორებ, პარტია "ქართული ოცნება" არის ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილი, თუ აქედან რომელიმე კომპონენტი გამოაკლდა, პარტია აღარ იარსებებ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×