"ამ ახალგაზრდა კომკავშირელებს ჰგონიათ, რომ პარლამენტს და ქვეყანას მართავენ"
ელზა პაპოშვილი
20.07.2018

 "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, ანალიტიკოსების აზრით, პარტიაში გარკვეული ახალგაზრდების ჯგუფი თავის გადარჩენასა და ბიძინა ივანიშვილისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობს, რაც პარტიის შიგნით სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს.

ანალიტიკოსები უმრავლესობის დაშლის საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, პარლამენტის შიგნით ოპოზიციური ფრაქციები შეიქმნას, რომლებსაც კვირიკაშვილის მიერ მიყვანილი და პატრონის გარეშე დარჩენილი დეპუტატები შექმნიან.

მათი აზრით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას საპრეზიდენტო არჩევნები აჩვენებს. თუმცა, პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს ამ ეტაპზე ამის ადამიანური რესურსი არ აქვს.

ისინი ვარაუდობენ, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული და ის ამ დაპირისპირებული ჯგუფების გაცხრილვას წინასაპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებს.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვით მმართველი გუნდი აბსურდამდე მივიდა. ხუხაშვილის თქმით, ჭიჭინაძის გარიცხვა მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიაში სერიოზული პრობლემებია და დეპუტატებს ერთმანეთთან არანაირი კომუნიკაცია არ გააჩნიათ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს არის ადამიანური ურთიერთობების პრობლემები, რომლებიც პარტიას კარგს არაფერს მოუტანს. ხუხაშვილი ცხადებს, რომ აქ მხოლოდ დავით ჭიჭინაძეზე საუბარი არ არის და ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც იბრალებენ, რომ პარლამენტს მართავენ, კომუნიკაციის არანირი უნარი არ გააჩნიათ.

"საბოლოო ჯამში, ამ ბავშვების გაფუჭებულის დალაგება სხვას უწევს ხოლმე. ძალიან ცუდია, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა საკუთარ თავზე ძალიან ბევრი რაღაცის აღება მოინდომა.

"ფაქტი ერთია, რომ ჭიჭინაძის გარიცხვით პრობლემა კი არ გვარდება, უფრო მწვავდება. ამ ახალგაზრდა კომკავშირლებს ჰგონიათ, რომ პარლამენტსა და ქვეყანას მართავენ. როგორც წესი, ასეთი არასწორი ამბიციების ქონა ძალიან ცუდად მთავრდება.

"ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ პატივისცემა და მოწიწება ამ გაერთიანებაში, "ოცნებას" პარტიას ვეღარ ვეძახი, ძალიან მაღალია, თუმცა ამ ხალხს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ურთიერთგაგება არ გააჩნია.

"ივანიშვილს ამ შემთხვევაში რა ექნა, როგორც ჩანს, სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება არ უნდოდა. არ ვიცი, ამ ხალხის მდგომარეობა ასე როდემდე გაგრძელდება. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში კვირიკაშვილი იყოს მიზეზი, მისი გუნდი არ არსებობს. უბრალოდ, აქ არიან ადამაინები, რომლებსაც ამ ახალგაზრდების თავნებობა არ მოსწონთ", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება უკვე დიდი ხანია, რაც დაწყებულია. მისი თქმით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იყო საუბარი, რომ კვირიკაშვილის მომხრე დეპუტატები ცალკე ფრაქციის გაკეთებას აპირებდნენ.

თუმცა, ეს დაპირისპირება მას შემდეგ ჩაცხრა, რაც ივანიშვილი პარტიის სათავეში დაბრუნდა. ლაგაზიძე ამბობს, ფაქტია, ივანიშვილის დაბრუნებამ და კვირიკაშვილის წასვლამ პარტიაში არსებული წინააღმდეგობები ვერ შეაჩერაო.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ პარტიის შიგნით განსხვავებული აზრია და დაპირისპირებული დეპუტატებისგან პარტიის გათავისუფლება შეუძლებელი იქნება, თუ საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ მოხდა.

ამიტომ, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ უმრავლესობაში იმ დეპუტატების გადაჯგუფებას უნდა ველოდოთ, რომლებმაც შესაძლოა, ოპოზიციური ფრაქციები შექმნან.

"როდესაც საპარლამენტო არჩევნებისათვის დეპუტატების კანდიდატობის სიები დგებოდა, მის შედგენაში მონაწილეობა ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო. ესენი იყვნენ: კვირიკაშვილი, კალაძე, ივანიშვილი და ა.შ.

"შესაბამისად, როდესაც დაპირისპირება ასეთი თვალსაჩინოა, ეს ადამიანები სხვადასხვა ინტერესის ირგვლივ არიან გადაჯგუფებული. ივანიშვილი ასეთი ამოცანის წინაშე დგას: ან მოახდინოს მათი შეკავშირება და გაერთიანება მისი ინტერესების შესაბამისად, ან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს.

"დეპუტატები, რომლებიც ივანიშვილის უშუალო მფარველობით ვერ სარგებლობენ, ხვდებიან, რომ მათი დასასრული ძალიან ახლოს არის. ამაში სხვადასხვა ჯგუფს ვგულისხმობ და მათ შორის - ახალგაზრდებსაც.

"ამ ადამიანებს ერთი არჩევანი აქვთ, იყვნენ ჩუმად და არჩევნების შემდეგ გაქრნენ პოლიტიკური მოღვაწეობიდან ან ყველაფერი გააკეთონ, რომ ივანიშვილს გული მოუგონ და მის ერთგულთა ბანაკში გადაბარგდნენ.

"თუმცა მათ ასევე შეუძლიათ, ოპოზიციის ჯგუფში გადაინაცვლონ და ახალი საბრძოლო ველი შექმნან, რადგანაც ეს ფლანგი ახლა თავისუფალი და სრულიად აუთვისებელია", - აცხადებს ლაგაზიძე "რეზონანსთან".

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია ადამიანური რესურსი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. პოლიტოლოგის თქმით, ისეთი საპარლამენტო სია უნდა დაიდოს, რომელსაც ივანიშვილი ენდობა.

მისივე განცხადებით, პარტიაც ერთი სხეული არ არის და კვირიკაშვილმა წასვლამდე რეგიონში პარტიის თავმჯდომარეები დანიშნა.

ასევე, ლაგაზიძის თქმით, პარტიაში კალაძესაც სერიოზული საყრდენები აქვს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ასეთი ადვილი არ იქნება, თუნდაც ივანიშვილს ამის სურვილი ჰქონდეს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ყველაფერს საპრეზიდენტო არჩევნები გამოაჩენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×