ზაზა სარალიძე მიესალმება შს სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მისი თქმით, დღეს დაკავებული მოწმე დ.ღ. იყო მისი შვილის მეგობარი და პირი, რომლის გამოც ინციდენტი დაიწყო. ზაზა სარალიძე დ.ღ.-ის საქციელს სამი სავარაუდო მიზეზით ხსნის. გარდაცვლილის მამა ეჭვობს, რომ ის ან დააშინეს, ან მოისყიდეს, ან არასწორი ჩვენებები საკუთარი მენტალური შეხედულებიდან გამომდინარე მისცა.
„დღეს დაკავებულმა პირმა, რომელიც ჩემი შვილის ძმაკაცია, ცრუ ჩვენებები მისცა არა გამოძიებას, არამედ სასამართლოს. მხოლოდ და მხოლოდ ეს პიროვნება არ არის დასასჯელი. იმედია ეს პროცესები გაგრძელდება და ნებისმიერი პირი, ვინც ცრუ ჩვენება მისცა, გამოვლინდება. არა მხოლოდ არასრულწლოვანი მონაწილეები, არამედ ის პირები, ვინც ყველაფერი დაინახა და არაფერი თქვა, ასევე ის პირები, ვინც შეეცადა ამ საქმის გაყალბებას და ამ საქმის თეთრი ძაფებით შეკერვას“, - განაცხადა სარალიძემ.