საქართველოს ტერიტორიაზე 20–23 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამინდის ცვლილება განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო–დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლას.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო დროს უამინდობამ საქართველოს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. გასულ კვირაში რაჭაში მდინარე რიონი ადიდდა და სოფელ ღებში ნაპირებიდან გადმოვიდა. 50 ოჯახი გარესამყაროს მოსწყდა.
ივლისის დასაწყისში კი სვანეთში, სოფელ ჭუბერში წყალდიდობამ დაანგრია ხიდები, წაიღო საცხოვრებელი სახლები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.