რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის, დ.ღ.-ს ადვოკატი გოჩა კვარაცხელია ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს წარუდგენენ.

როგორც მან პოლიციის სამმართველოში შესვლამდე განაცხადა, ჯერ დაკავებულს გაესაუბრება. მისი თქმით, დ.ღ.-მ გამოძიებას სრულყოფილი პასუხები გასცა.

„ჯერ დ.ღ.-დ დაველაპარაკებით. ალბათ, მანამ გამომძიებელიც მოვა და ბრალს წაუყენებენ. გუშინ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვნახე. მან გამოძიების ყველას კითხვას ობიექტური და სრულყოფილი პასუხი გასცა. გამოძიებას მის მიმართ არანაირი კითხვები არ დარჩენია. დღეს თუ რამეს დააზუსტებენ და დამატებით კითხვები ექნებათ, ჯერ ვერ გეტყვით", - განაცხადა ადვოკატმა.

ის დ.ღ.-ს ბრალთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

„ბრალთან დაკავშირებით მოვლენებს ნუ დავასწრებთ. ჯერ ბრალი წაყენებული არ არის. გუშინ რა კითხვებსაც უპასუხა, იქ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გეტყვით. მის ჩვენებაში არანაირი დანაშაული არ იკვეთება და ცრუ ჩვენება რაში გამოიხატება, ეს ბრალის ნაწილში ვნახოთ, - განაცხადა გოჩა კვარაცხელიამ.

არასრულწლოვანი დ.ღ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×