(რეზონანსი) თუ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე დიდი მტერი გავხდები, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი ყველაზე მკაცრია, რაც კი ოდესმე ყოფილა მრავალი წლის განმავლობაში სხვა პრეზიდენტების მმართველობისას. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის აფასებს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების შესაძლებლობას.
„ბევრად მკაცრი ვარ რუსეთის მიმართ, ვიდრე ნებისმიერი პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში. გერმანიასთან დიდი ჩხუბი მქონდა იმის გამო, რომ რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს და მილიარდობით დოლარს უხდიან. ჩვენ უნდა დაგიცვათ რუსეთისგან, თქვენ მათ მილიარდობით დოლარს უხდით. როგორ ფიქრობთ, ჩემი მიდგომა პოზიტიურია რუსეთისთვის?
„შეხედეთ სანქციებს, რომლებიც დავუწესე დიპლომატებს და რომლებიც ქვეყნიდან გავაძევე, ყველაფერს, რაც უკვე გავაკეთე. ბარაკ ობამას არ გაუკეთებია, ის რუსეთისთვის მხდალი იყო. პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება პოზიტიურია და არა ნეგატიური. თუ ეს არ იმუშავებს, მე მისთვის ყველაზე დიდი მტერი მე ვიქნები", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC -თან.
თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა პუტინი შემოდგომას ვაშინგტონში მიიწვია. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან მეორე შეხვედრას „მოუთმენლად ელოდება".