ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებიც მას ხშირად აკრიტიკებენ, ბრალი დასდო რუსეთთან კონფრონტაციის გაგრძელების მცდელობაში.
თავის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მასობრივი ინფორმაციის ის საშუალებები, რომლებიც, მისი აზრით, ურცხვად ავრცელებენ დეზინფორმაციას და საერთოდ ვერ იაზრებენ, რომ მათს საქციელს შესაძლოა, რუსეთთან ომი მოჰყვეს
ტრამპის თქმით, მედია ქმნის საკუთარ მასალებს ყველანაირი წყაროს ან ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთების არსებობის გარეშე:
"ბევრი რამ, რაც დაიწერა ჩემზე და ჩემს გარშემომყოფებზე, არის გამოგონილი. ისინი სიძულვილით უყურებენ იმას, რომ მე შესაძლებელია მოვახერხო ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობის დამყარება. ჩვენ კი, ამ დროს, ბევრად უფრო მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა."-წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დაადანაშაულა არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში.
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინტან ერთად ჩატარებული სამიტის შემდეგ, 18 ივლისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაფასა ამერიკული მედიასაშუალებების რეაქცია, რომელიც მოჰყვა სამიტის დასრულებას:
"იმ დროს, როდესაც ნატო-ს შეხვედრა იყო აღიარებული ტრიუმფი, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ სასწრაფოდ დამატებითი მილიარდობით დოლარის გამოყოფა მოჰყვა, რუსეთთან შეხვედრა შესაძლოა, რომ აღმოჩნდეს უფრო გრძელვადიანი და პერსპექტიული. ბევრი კარგი რამ შეიძლება გამოვიდეს ამ შეხვედრიდან.
"რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ძალიან წარმატებული გამოდგა, მაგრამ არა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, რომლებმაც გაავრცელეს დეზინფორმაცია. ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები აგრძელებენ ჭკუიდან შეშლას."- დაიჩივლა ტრამპმა თავისი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
ტრამპის აღშფოთება მოჰყვა ფინეთში ჩატარებული სამიტის შემდეგ ამერიკული მედიასაშუალებების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და მათს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ სამიტის შედეგები არ შეესაბამება ამერიკის მიერ წარმოებულ პოლიტიკას.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებები ყველანაირად ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას და მათთვის ნაკლებმნიშვნელოვანია, რომ მათს ამგვარ საქციელს შესაძლოა ომიც კი მოჰყვეს:
"ზოგიერთისთვის ძალიან არასასიამოვნო და მიუღებელია ის, რომ შევძელი კარგი ურთიერთობის დამყარება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ოღონდაც არ უყურონ ამას და მზად არიან, რომ ომიც კი გააჩაღონ. ამას შეგვიძლია ვუწოდოთ პარანოიის სინდრომის გამწვავება ტრამპის გამო"- დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა