ელზა პაპოშვილი
20.07.2018

 გუშინ დაკავებულ დავით სარალიძის მეგობარს დ.ღ. ბრალი წაუყენეს. როგორც ზაზა სარალიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს არის მოზარდი, რომლიც საკმაოდ დიდი ინფორმაციიs მატარებელია და მას შეუძლია გამოძიება სწორ კვალზე დააყენოს.

დ.ღ.-ს მშობლები კი აცხადებენ, რომ მათ შვილს ცრუ ჩვენება არ მიუცია და მან ზუსტად ის მოყვა, რაც დაინახა. მისივე თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. „არანაირი ცრუ ჩვენება არ ჰქონია. სასამართლოზე თქვა ზუსტად ის, რაც მოხდა და არაფერი არ შეუცვლია," - განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.

მოზარდი, რომელიც დააკავეს, 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტში და შემდეგ უკვე ხორავას ბნელ ფარდულში განვითარებულ მოვლენებშიც ფიგურირებს.

ზაზა სარალიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოზარდმა ჩვენება კალანდიას ოჯახის წევრების, მირზა სუბელიანის ან ბორის კაკუბავას ზეწოლის შედეგად შეცვალა. მან ერთ ჩვენებაში მიხეილ კალანდიას ბრალეულობაზე ისაუბრა, ხოლო სასამართლოზე ეს ჩვენება სრულიად შეცვალა.

სარალიძე ამბობს, რომ ეს არის მოზარდი, რომლის დასახმარებლადაც დათო სარალიძე ხორავას ქუჩაზე წავიდა. სარალიძე ითხოვს დააკავონ ყველა ის პირი, ვინც გარკევული მიზეზით მომხდარის დეტალებს მალავს.

მისივე თქმით, სწორედ ეს მოზარდია ის პირი, რომელმაც ჩხუბის დროს შიო მენაბდის შვილი ცივი იარაღით დაჭრა. სარალიძის თქმით, დ.ღ-მ იცის ბევრი ისეთი დეტალი, რომლის მეშვეობითაც გამოძიება დათო სარალიძის მკვლელების იდენტიფიცირებას შეძლებს.

„ვითხოვ შსს-მ დააკავოს ყველა ის პირი, რომელმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. ეს იყო დაგვიანებული, მაგრამ მართებული ნაბიჯი და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას.

"დ.ღ. დაჭრის ფაქტამდე ყველაფერზე საუბრობს და ჰყვება დეტალებს დაჭრის ფაქტამდე, ოღონდ დაჭრის ფაქტზე აღარ საუბრობს და მალავს.

"ვიღაცას უნდოდა კვალის არევა, ან დააშინეს ეს მოწმე ან მოისყიდეს, ან თავის მენტალობიდან გამომდინარე არ საუბრობს არაფერს. შესაძლოა, მირზა სუბელიანმა (დააშინა ან მოისყიდა) შესაძლებელია ბორის კაკუბავას ან შესაძლებელია ყველა სხვა პირებს, რომლებიც ჯერ არ არის გამოკვეთილი და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მთავარი ფიგურანტები არიან. ეს საქმე ისე ჩაიხლართა, რომ მგონია ყველა ყველაფერშია გარეული"- ამბობს სარალიძე.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" დამფუძნებელი ზვიად კუპრავა „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დ.ღ.-ს დაკავება საკმარისი არ არის, რათა საქმეზე ჭეშმარიტება დადგეს. კუპრავა ამბობს, რომ თუ შსს-მ გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანი ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავა, მაშინ რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას, რომელმაც სასამართლოში ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

მისი აზრით, სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ მოხდა დ.ღ.-ს დაკავება, რომ კვალი ახალ პირებზე გავიდეს, რომლებიც დავით სარალიძის მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

კუპრავა ამბობს, რომ მკვლელებზე გასვლა ახლა უფრო გართულდება, რადგანაც დროა გასული და ძალიან ბევრი მტკიცებულებაა განადგურებული. მისი განცხადებით, პროკურატურის დარღვევებზე შსს უწევს, რომ რაღაც გამოიყვანოს და მათთვის სიტუაცია უფრო გართულებულია.

„პირველ რიგში, ბრალეულობა იმ ადამიანების უნდა დადგეს, ვინც ამ საქმეს თეთრად კერავდა. აუცილებელია გავიგოთ დ.ღ. ვინ დააშინა და ვინ მიუთითა, რომ ცრუ ჩვენება მიეცა.

"მე და ზაზა სარალიძე თავის დროზე ამ არასრულწლოვანს შევხვდით. ის სკოლის საპირფარეშოდან დაწყებული ჩხუბის და ხორავას ქუჩაზე გაგრძელებულ დაპირისპირების ყველა დეტალს ყვებოდა. თუმცა ფარდულში განვითარებულ მოვლენებს აღარ ყვებოდა.

"ის ამბობდა, რომ დავით სარალიძე საპირფარეშოში არ ყოფილა და მას კონფლიქტის დაწყებაში როლი არ მიუძღვის. ის მხოლოდ მისი თხოვნით გაყვა ხორავას ქუჩაზე და მას ასევე, ბავშვების მოგროვებაშიც წვლილი არ მიუძღვის.

"დ.ღ. არის ერთ-ერთი პატარა რგოლი ამ საქმეში, მაგრამ ეს ბავშვი არ არის მთავარი ფიგურა. თუმცა ის არის საკმაოდ დიდი ინფორმაციის მატარებელი. ეს მოზარდი არ არის პირი, რომელმაც დანაშაულის ორგანიზება მოახდინა. ჩხუბის ორგანიზება მირზა სუბელიანის ოჯახის წევრებმა მოახდინეს. მათ მოიყვანეს ბავშვები დანებით შეიარაღებულები.

"ნიკოლაზ იორდანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია და უყურებდა როგორ ჩეხავდნენ ბავშვები ერთმანეთს, გულცივობა გამოიჩინა. მან ბავშვები განსაცდელში მიატოვა. ისიც უნდა დააკავონ და სისხლისამართლის პასუხისგებაში უნდა მისცენ.

"შემთხვევა მისგან ორი-სამი მეტრის მოშორებით ხდებოდა. მესმის, რომ ის მორალურად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მისი გულცივობა რით არის განპირობებული? ვინ აიძულებს ამ კაცს, რომ ასეთი გულქვა იყოს? პოლიციამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. ვინმეს გავლენის ქვეშ ხომ არ იმყოფება? ვერ წარმომიდგენია ასეთი გულქვა ადამიანი არსებობდეს",-აცხადებს კუპრავა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავარი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ გასცა, ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ის მიესალმება დ.ღ. დაკავების ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაკავება პროკურატურას აქამდეც შეეძლო.

„ეს ჩანს და ჩანდა პირველივე დღიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე. ამ საქმეში მთავარია დადგინდეს, ვინ იყო ყველა ის ფიგურანტები, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ორი ახალგაზრდების მკვლელობაში და შემდეგ დადგინდეს ვინ დააფარა ხელი და ვინ მოიყვანა აქამდე.

"დ.ღ. დაკავება ცრუ ჩვენების ბრალდებით აქამდეც შეიძლებოდა და არა მარტო მისი. იგივე ბრალდებით კიდევ რამდენიმე სრულწლოვანის და არასრულწლოვანის დაკავებაც შეიძლება. საქმეში არსებული მასალები ამის სრულ საფუძველს იძლევა.

"დ.ღ. დაკავებაზე ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს შეიძლება იყოს მიმართულება, რომლითაც შსს გავიდეს რეალურად მკვლელზე ან თანამონაწილეზე. ადრეც გავაკეთეთ მოწოდება, რომ იმ ადამიანებზე, რომლებზეც იკვეთება, რომ მათ აქვთ ცრუ ჩვენებები მიცემული, დაიწყოს სამართლებრივი დევნა",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×