გვანცა წულაია
20.07.2018

 პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები ხეობაში ჰესების დაგეგმილ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ხადორის ხეობაში, წინა წლებში, ორი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, დამატებით სამი ჰესის აშენება კი, გაანადგურებს მდინარე ალაზნის ეკოსისტემას და ლანდშაფტს, ასევე, საფრთხე შეექმნება სასმელ და სარწყავ არხებს და ხეობაში ტურიზმის განვითარებას.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პირების მიმართ, რომლებიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ზეწოლა.

„ჩვენ არ ავაშენებინებთ კიდევ ერთ ჰესს ხეობაში, კიდევ უფრო არ დავაზიანებთ ბუნებას. ჩვენ მოვითხოვთ ასევე შეწყდეს პოლიციაში აქტიური დაბარება იმ ხალხის, ვინც აქტიურად აპროტესტებს მშენებლობას. მოვიდნენ და შეგვხვდნენ, მოისმინონ ჩვენი პოზიცია", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შენგელი ტოხოსაშვილმა.

დღევანდელი აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და დამნაშავების დასჯაა.

„თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, პანკისის ხეობის მიმართ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გაგრძლებაა, რაც ადგილობრივებს დაუცველობის განცდას უჩენს და ღრმა უნდობლობას იწვევს", - ნათქვამია მიმართვაში.

ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და დიპლომატებს მიმართავენ, პანკისში ჰესების მშენებლობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხებს გამოეხმაურონ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×