ახალი პოლიტიკური პარტია შესაძლოა, სამი პერსონის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდეს; საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და "შენების მოძრაობის" ლიდერ დავით უსუფაშვილის ტანდემს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პერსონის დამატება სჭირდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მესამე პერსონად შეიძლება ჩაითვალოს, ვინც აღნიშნული პირების "დუეტს" დაამშვენებდა, მაგრამ "კადრებთუხუცესმა" მოიშორა" იგი.
"ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტისთვის საერთოდ ცენტალური საარჩევნო სისტემა პრივატიზირებული აღმოჩნდა, რაც ნამდვილად მიუღებელია. საზღვარგარეთ ორივე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, რასაც ვერ ვიტყვით საკუთარ სამშობლოში.
"ამ დუეტს ნამდვილად აკლია ადამიანი, ვინც შექმნიდა ტრიოს, მაგრამ ამ შესაძლებლობით გულგახეთქილმა "კადრებთუხუცესმა" მოიშორა პრემიერ-მინისტრი, ვინც მარგველაშვილისა და უსუფაშვილისთვის ძალიან საქმიანი და შედეგიანი პერსონა გახლდათ", - აცხადებს ის.
მარგველაშვილი, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი - შესაძლებელია თუ არა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება ვიხილოთ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს? მათ რამდენად დიდი შანსი ექნებათ საპრეზიდენტო არჩევნებში და მმართველი გუნდის, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატს რამდენად ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მათ მიერ წამოყენებული კანდიდატურა, ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი პირადი ინტერესებისთვის არ იბრძოდა და მათ შეხვედრას "ლოგიკური დუეტი" უწოდა.
"ეს არის ლოგიკური დუეტი. ისინი მმართველი ძალის მთავარ სარდალს განსხვავებული ფასეულობებით აფასებდნენ. ბატონი უსუფაშვილი პირადი ინტერესებისთვის არ იბრძოდა, იგი, უბრალოდ, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სივრცეს საკუთარ თავს წარუდგენდა ისე, როგორც ისეთი შეხედულების მქონე ადამიანის, რომელიც ქვეყანას დაამშვენებდა, მაგრამ ასეთი მოწოდებების რეალიზაცია მას ეულად არ წარმოედგინა.
"უკანასკენელ ხანებში, როდესაც ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარისაგან ღია წერილი შეიქმნა პრეზიდენტის მისამართით, უკვე მიგვანიშნებდა, რომ მატარებელი დაიძრა. ოღონდ რამდენი მოულოდნელობა ელოდება თავად ამ მატარებელს, ეს დამოკიდებულია ჩვენს საზოგადოებაზე", - აცხადებს ის.
მისი თქმით, 240 პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, ერთ კონკრეტულ კანდიდატზე ვერ შეთანხმდება და ამ შემთხვევაში მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატის დანიშვნის მეტი შანსი ექნება.
"დღევანდელი პრეზიდენტის საკუთარ თანამდებობაზე შენარჩუნება უფრო მდგრად სახელმწიფოდ მოიაზრება ჩვენი განსწავლული პარტნიორებისთვის, მაგრამ თვით ის უკუღმართი ფაქტი, რომ შესაბამის ინსტიტუტში ჩვენს პატარა ქვეყანაში 240-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული, არსებული ოპოზიცია ვერასოდეს შეძლებს რომელიმე ერთ კანდიდატზე შეჯერებას.
"მრავალი კანდიდატი ამა თუ იმ თანამდებობაზე მიმანიშნებელია, რომ მხოლოდ მმართველი პარტიის გამარჯვების ფორმულას ვერ მოვეშვებით. ამის მიმანიშნებელია ის ფაქტი, რომ 2013 წელს შემდგარი არჩევნებისთვის პრეზიდენტობის სურვილით ჩვენი ქვეყნის 44 მოქალაქე დარიგესტრირდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ანალოგიური არჩევნები იყო ჩვენს მეზობელ თურქეთში, სადაც რეგისტრირებული 4 პირი იყო.
"ვერ ვიტყოდი, რომ ამ შედარებით ნორჩი პოლიტიკური ძალის მიერ წარმოდგენილი პერსონა უთუოდ გამარჯვების მიმანიშნებელი იყოს. რაც უფრო მეტი წარდგენილი პერსონა იქნება საკუთარი პარტიებიდან პრეზიდენტის თანამდებობაზე, მით უფრო მეტი შანსი გაუჩნდება მმართველ პარტიას, რომ ძალიან მარტივად მიიღოს ისეთი შედეგი, რომელიც მიუღებელი იქნება ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.
"სირცხვილია, როდესაც საკუთარი თავი ყველას საუკეთესო ჰგონია, მაგრამ მუდმივად ჩვენ ფსევდოდემოკრატიაში ხელისუფლებას ყოველთვის მეტი შესაძლებლობები ექნება ნებისმიერ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის დასანიშნად და არა - ასარჩევად", - აღნიშნა მან.
მან განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მარგველაშვილიც და უსუფაშვილიც ავტორიტეტული ადამიანები არიან, მაგრამ ქვეყნის შიგნით იგივე ვითარება არ არის.
"დარწმუნებული ვარ, ბრიუსელი და ვაშინგტონი, მათი ნება რომ იყოს, საქართველოს პრეზიდენტს ამ თანამდებობაზე დატოვებდა. მარგველაშვილის ყველა შეხვედრა ბრიუსელსა და ვაშინგტონში მასპინძლების მხრიდან იყო უაღრესად მაღალი შეფასების მქონე, მაგრამ არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი არ გახლავთ მოსკოვი, რომ სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩაერიონ. რაც მოგვივა, დავითაო, სულ ბიძინას თავითაო", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ მათი მხრიდან მეტი სიფრთხილეა საჭირო და მეტი აქცენტი მათი შეთანხმებისკენ უნდა იყო მიმართული. მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატზე შემდეგაც არის შესაძლებელი შეჯერება.
"მგონია, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად და ორიენტირებულნი იმაზე, რომ შეთანხმება მოხდეს. ვფიქრობ, რადგან შეხვედრა მოხდა და მათ ისაუბრეს, პოზიციებში თანხვედრა არის.
"თუ შეთანხმება მოხდა, დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ ამ შეთანხმებაში რომელი უკეთესი იქნება, უსუფაშვილი თუ მარგველაშვილი, მაგრამ ამის ჩამოყალიბება შემდეგ შეიძლება", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატად შესაძლოა, უსუფაშვილი დასახელდეს, მაგრამ ორივე კანდიდატი მისაღებია მისთვის. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შესაძლოა თუ არა რომელიმე პარტიიდან რომელიმე პერსონა დაემატოს, მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება, "ნაციონალური მოძრაობა" იგულისხმებოდეს, რომელიც დასავლური ტიპის პარტიაა და არა - ევროპული ღირებულებებისა.
"თუ ცალკე "შენების მოძრაობა" გამოვიდა, ალბათ, საპრეზიდენტო კანდიდატად უსუფაშვილი იქნება წარდგენილი. სხვა კანდიდატი, რომელიც იქნება ევროპული ტიპის და რომელსაც შეუძლია, "ოცნებიდან" წასული ამომრჩევლის ხმები მიიზიდოს, მარგველაშვილისა და უსუფაშვილის გვერდს დაამშვენებდა.
"დანარჩენების შეერთება რამდენად მოხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ორივე კანდიდატი, მარგველაშვილისა და უსუფაშვილის, რეალური კანდიდატებია. ისეთი პარტიები, რომლებიც დასავლური ტიპის არიან და რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ასოცირდებიან", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.