პეტრე მამრაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს ახალი პარტიის შექმნის რესურსი აქვს
ია აბულაშვილი
21.07.2018

 "მინდა ვურჩიო "ოცნებას", საჯაროდ გამოაცხადოს, რომ ნებაყოფლობით უარს ამბობს სრულ პოლიტიკურ მონოპოლიაზე, უარს ამბობს საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე და საზოგადოებამ თავად აირჩიოს პრეზიდენტი.

"ეს "ოცნებისთვის" მომგებიანი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა პეტრე მამრაძემ, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბრა.

"რეზონანსი": როგორც ექსპერტები ამბობენ, პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამაც ვერ აღმოფხვრა ის დაპირისპირება "ოცნებაში", რომელიც დიდი ხანია, დაიწყო და პარტიის ერთ-ერთი წევრის, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვით შეიძლება ეს პროცესი უფრო გაღრმავდეს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

პეტრე მამრაძე: ტრადიციულ, დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიები იქმნება საერთო პრინციპების, იდეების, იდეალებისა და პარტიული პროგრამების გარშემო, შესაბამისად, პარტიიდან შეიძლება გარიცხონ წევრი, ვინც დაუპირისპირდება პროგრამასა და პარტიის ძირითად ღირებულებებს, მაგრამ პიროვნული კრიტიკის გამო ადამიანს პარტიიდან არ რიცხავენ.

ჩვენთან სხვა ვითარებაა, პიროვნების კრიტიკა განიხილება პარტიის ღალატად, რაც მაფიის იერარქიულ პრინციპს უფრო ჰგავს.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით დაპირისპირება ჩაქრა. უმრავლესობის წევრებს ესმით, რომ ივანიშვილს აქვს სერიოზული რესურსი, როგორც ავტორტეტის მხრივ, ასევე ფინანსური.

რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლების გაკონტროლების კუთხითაც, რომ თუნდაც ახალი პარტია შექმნას და გაიმარჯვოს მორიგ არჩევნებში, ხოლო ურჩების კეთილდღეობა პოლიტიკურიც და ფინანსურიც ამით დასრულდება.

"რ": ეს ეხება იმ ახალგაზრდულ ჯგუფსაც, რომელიც თითქოსდა პარლამეტის შიგნით ოპოზიციური ფრაქციების შექმნას აპირებს. ამბობენ, რომ ეს ჯგუფი ყოფილი პრემიერის დასაყრდენი იყო პარლამენტში...

პ.მ: ახალგაზრდულ ჯგუფში ალბათ გულისხმობთ ირაკლი კობახიძესა და არასამთავრობოებდიდან მისულ ახალგაზრდებს. ეს ის ჯგუფია, რომელსაც ენდო ივანიშვილი იმიტომ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ურჩია, კარგი საქმის კეთება იციანო.

ივანიშვილი ამ ადამიანებს არ იცნობდა, მაგრამ ენდო მათ, მოეძებნათ მცოდნე ხალხი. რაც შეეხება კვირიკაშვილის გუნდს, ასეთი არ არსებობს, მას არასდროს უმუშავია იმისთვის, რომ პირადი მხარდამჭერების გუნდი ჰყოლოდა "ოცნების" შიგნით თუ გარეთ; ეს კარგად გამოჩნდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს, როცა კვირიკაშვილი პრაქტიკულად არ ერეოდა კანდიდატების შერჩევაში.

ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უმრავლესობა არ დაიშლება. მათ კარგად ესმით, რომ ივანიშვილთან დაპირისპირება მომგებიანი არ არის. "ოცნებაში", ისე როგორც მთელ დანარჩენ პარლამენტში, რამდენიმე ცალკეული პიროვნების გარდა, "ქართულ პოლიტიკაში" მოსული არიან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის, მიზნის მისაღწევად კი ცდილობენ გამოიცნონ, რა არის მათთვის მომგებიანი კეთილდღეობის გასამტკიცებლად.

"რ": უმრავლესობაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობენ...

პ.მ: არავითარი საჭიროება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა არ არის. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის, მოქმედებს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.

რა თქმა უნდა, თუ ივანიშვილმა სპონტანურად, ემოციურად მიიღო ეს გადაწყვეტილება და აამუშავა შესაბამისი მექანიზმები, მაშინ შეიძლება, ეს მოხდეს.

"რ": "ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას რამდენიმე კვირაში გეგმავს, თუმცა სავარაუდო კანდიდატთა გვარები პრესაში უკვე გაჟღერდა, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილისა.

პ.მ: ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ძლივს დააბრუნეს და პრეზიდენტად მისი კანდიდატურის დასახელება წარმოუდგენელი მგონია.

"ოცნებას" ვურჩევ, საჯაროდ გამოაცხადოს, რომ ნებაყოფლობით უარს ამბობს სრულ პოლიტიკურ მონოპოლიაზე, უარს ამბობს საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე და საზოგადოებამ როგორც უნდა, ისე აირჩიოს პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ არბიტრის ფუნქცია აქვს.

ეს მომგებიანი იქნება "ოცნებისთვის" როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საერთაშორისო ასპარეზზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×