"რთულია პროგნოზირება, 2019 წელს რა იქნება"
თამარ მუკბანიანი
21.07.2018

 ტექნიკის ფასი შესაძლოა, 3-5%-ით გაიზარდოს. მიზეზი ნარჩნების გადამუშავების ახალი სტრატეგიაა. ინფორმაციას არ ადასტურებენ ტექნიკის მაღაზიების უმრავლესობაში, მათ ამოქმედების პირას მყოფი კანონპროექტის შესახებ არ იციან, სფეროს მკვლევარი ორგანიზაციები კი გაძვირებაზე საუბრობენ.

ნარჩენების გადამუშავების ახალი რეგულაცია 2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც მწარმოებლისთვის გაფართოებული ვალდებულების დაკისრებას გულისხმობს. ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე გამომტანები, რომელთა პროდუქციაც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, ვალდებული არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა-განთავსება.

უნდა შეიქმნას სპეციალური ორგანიზაცია, მან უნდა უზრუნველყოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, რაშიც მოხდება მუნიციპალიტეტების ჩართვაც ნარჩენებისათვის ადგილების გამოყოფაში. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, თანხებთანაა დაკავშირებული, რამაც ტექნიკის ფასი შესაძლოა, 3-5%-ით გაზარდოს.

ამას ემატება ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის შედეგი, რომლის მიხედვითაც, შემოსავლის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სესხი არ გაიცემა და არ მტკიცდება განვადება. რეგულაცია 2 თვის წინ ამოქმედდა და უკვე შეამცირა ტექნიკის რეალიზაცია 20%-ით. უცნობია, იმოქმედებს თუ არა ეს რეგუალაცია ფასზე. ტექნიკის მაღაზიების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას თავს არიდებენ.

ორგანიზაცია პუწკპშფთ უტმშკწტქუტეფდ წგედწწლ-ის ხელმძღვანელი ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ ნარჩენების მართვის ახალი სტრატეგიის ამოქმედების შემდეგ, ტექნიკის ფასი შესაძლოა, 3-5%-ით გაიზარდოს.

"2015 წელს ნარჩენების მართვის ძალაში შესული კოდექსის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ 2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან ძალაში შევიდეს ე.წ. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. აქ მოიაზრებიან იმპორტიორები. ისინი ვალდებული გახდებიან, მიიღონ მონაწილეობა პროდუქციის შედეგად მიღებული ნარჩენების მართვის პროსესში. ამისთვის უამრავი მექანიზმია.

აყველაფერი პოპულარულ და გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, ეს იგივეა, რაც უცხოეთში ხშირად ნანახი პოლიეთილენის ბოთლის ჩაბარების პროცესი. რიგ შემთხვევებში, თუ ნარჩენს ღირებულება აქვს, გაძლევენ თანხას. რამდენიმე ნაკადიდან, რომლებიც ამ ვალდებულებას ექვემდებარება, ერთ-ერთია ელექტრონული ნარჩენი. შესაბამისად, ამ პროდუქციის იმპორტიორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ნარჩენების მართვაზე.

ეს პროცესი ჯერ მიმდინარეა და ხდება პროცესების გაწერა, სამინისტროსა და ბიზნესსექტორის ჩართვით, თუმცა ბიზნესის დაინტერესება არც ისე დიდი იყო.

სულ 610 სახეობაა, რაც საერთაშორისო სტანდარტით ტექნიკურ ნარჩენებში გამოიყოფა, თუმცა სია მუდმივად ფართოვდება. კვლევა ეყრდნობოდა გაერო-ს მეთოდოლოგიას და სულ 9 ძირითადი ელექრონული ნარჩენის შესწავლა განვახორციელეთ (მობილური, კონდიციონერი, კომპიუტერი და ა.შ.). 2017 წელს, მაგალითად, 15-16 ათას ტონაზე იყო საუბარი, მაგრამ თუ ამას 600-ზე მეტ სახეობაზე გადავიყვანთ, გამოვა, რომ 2017 წელს 29 ათასი ტონა ელექტრონული ნარჩენი მივიღეთ საქართველოში.

ფაქტია, ნარჩენების გადამუშავების ახალი სისტემა აუცილებელია. დავითვალეთ, რა ღირს მუშახელი, ტრანსპორტირება საქართველოში და სავარაუდო ფასნამატი, რომელსაც რეციკლირების საფასურს ვუწოდებთ, არის პროდუქციის ღირებულების 3-5%. მან უნდა დაფაროს შეგროვების, ტრანსპორტირების, მისი დაშლის, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და სხვა ხარჯები", - აცხადებს "რეზონანსთან" გოგოლაძე.

ტექნიკის მაღაზიების დიდ ნაწილში ცვლილების შესახებ არაფერი იციან, ნაწილი კი 2019 წელს შორეულ პერსპექტივად მიიჩნევს და პროგნოზისაგან თავს იკავებს.

"რეზონანსი" ტექნიკის მაღაზიბის ქსელ "ელიტ ელექტრონიკსს" დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ რთულია პროგნოზი გაკეთდეს, რა იქნება 2019 წელს .

"რთულია პროგონოზირება, 2019 წელს რა იქნება, ამას ზუსტად ვერავინ იტყვის, მით უფრო, პროცენტებში ვერავინ დათვლის. ამ ცვლილების შესახებ ვიცით, თუმცა მოლაპარაკების ზუსტ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ.

ასევე არ ვაკეთებთ კომენტარს საბანკო რეგულაციების გაყიდვებზე ასახულ შედეგთან დაკავშირებითაც", - განაცხადეს "ელიტ ელექტრონიკსში".

იმ მაღაზიების რიცხვში, რომლებმაც ცვილებების შესახებ მედიიდან შეიტყეს, "ტექნობუმიცაა". როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ამბობს, მისი კომენტარი არაკვალიფიციური იქნება, რადგან ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

"რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ვარ. დღეს გავიგე, შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუ როგორ აისახება ეს ბიზნესზე. საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს და სრულ სურათს ასე ვერ დავინახავ.

რაც შეეხება საბანკო რეგულაციების ასახვას, ამან ნამდვილად შეამცირა გაყიდვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფასს არ გაზრდის ტექნიკაზე", - აცხადებს ქოქოლაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემაზე ამოქმედებულმა რეგულაციებმა ტექნიკის განვადების რაოდენობა 2 თვეში 20%-ით შეამცირა. უცნობია, დროთა განმავლობაში გაყიდვების შემცირება გამოიწვევს თუ არა ფასის ზრდას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×