"ამ შემთხვევამ მასობრივი ხასიათი თუ მიიღო, ნამდვილად პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვექნება საქმე"
მარი ჩიტაია
21.07.2018

 რუსეთმა ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს შეიძლება, პრობლემა შეუქმნას. დაბალი ხარისხის საბაბით, ქვეყანამ 16 ათასი ლიტრი ქართული სასმელი ბაზარზე არ დაუშვა. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ხარისხის მხრივ ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ქართული ღვინო პოლიტიკური მოტივით დაებლოკათ.

"როსპოტრებნადზორის" განცხადების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი რუსეთის ფედერაციის ტექნიკურ რეგლამენტსა და მომხმარებლის უფლებების შესახებ არსებულ კანონს არ შეესაბამება. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ალკოჰოლური სასმელების ხარისხი სისტემატურად მოწმდება და ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

პირველად ქართულ ღვინოს რუსეთმა ემბარგო 2006 წლის მარტში დაუწესა. შესაბამისად, აიკრძალა რუსეთის ფედერაციაში ქართული და მოლდოვური ღვინის იმპორტი და გაყიდვა. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა ღვინოში პესტიციდების დიდი რაოდენობა. ამ ეტაპზე, როგორც "როსპოტრებნადზორი" აცხადებს, ქართული ღვინო ბაზარზე დაბალი ხარისხის გამო არ დაუშვეს. საერთო ჯამში, აღნიშნული აკრძალვა 16 ათას ლიტრ ქართულ ალკოჰოლს შეეხო.

"ხარისხის ანალიზი, როგორც მწარმოებლის, ასევე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან წარმოების ტექნოლოგიების დარღვევასა და გამოშვებული პროდუქციის არასათანადო კონტროლზე მიუთითებს", - აღნიშნულია "როსპოტრებნადზორის" განცხადებაში, რასაც საქართველოში მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2017 წელს, "ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში" შესული ცვლილებებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. საკანომდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა აღმოიფხვრას ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.

"ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ხარისხზე ზრუნვა მუდმივი პროცესია და მზად არიან, გააგრძელონ ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ღვინის კომპანიებში განმარტავენ, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რათა ერთ რომელიმე ბაზარზე შექმნილმა პრობლემამ ბიზნესი არ დააზარალოს. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, კომპანია "შუხმან ვაინის" დამფუძნებელი, მეწარმე ნუცა აბრამიშვილი არ გამორიცხავს, რომ მართლა შექმნილიყო ხარისხის პრობლემა, რაც შესაძლოა, ზაფხულის პერიოდში ტემპერატურული რეჟიმის ცვლილებას გამოეწვია.

"არ ვიცი, რომელ კონკრეტულ მწარმოებლებზეა საუბარი და შეფასება მიჭირს. დაწუნებული პროდუქციის მოცულობაზე არ მიგვანიშნებს, რომ ღვინის ექსპორტს რუსეთში პრობლემა აქვს. შეიძლება, ტემპერატურული რეჟიმი არ იყო სათანადოდ დაცული და ამან იმოქმედა ღვინის ხარისხზე.

ვარაუდის დონეზე ბევრი რამ შეიძლება ვთქვათ, სანამ სიმართლე გაირკვევა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარალელურ ბაზრებზე ვაკეთებდეთ აქცენტს, რათა მწარმოებლები არ დაზარალდნენ და ქვეყანამაც მაღალი სარგებელი მიიღოს", - ამბობს აბრამიშვილი.

მწარმოებლები საუბრობენ იმაზეც, რომ ერთეულმა შემთხვევამ არ უნდა მიიღოს მასობრივი ხასიათი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ალკოჰოლური სასმელების ხარისხი ეჭვს ნაკლებად იწვევს. მიუხედავად ამისა, "უშბის" გენერალური დირექტორი დიმიტრი აბესაძე არ გამორიცხავს, რომ მწარმოებლებს შეცდომა დაეშვათ.

"ხარისხი მკაცრად მოწმდება და შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. დღეს ქართული წარმოების ალკოჰოლურ სასმელს მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ყოველგვარი პრობლემის გარეშე იღებს. რუსეთში რაც მოხდა, ნამდვილად დამაფიქრებელი ფაქტია. დანამდვილებით მიჭირს საუბარი, რადგან რეალური მიზეზი ჯერჯერობით არ ვიცით.

გუშინვე ვესაუბრე ჩემს პარტნიორებს რუსეთში და მითხრეს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება. არ გამოვრიცხავ, გარკვეული პრობლემა მართლა შექმნილიყო, მსგავსი ფაქტები ხდება ხოლმე. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ამ შემთხვევამ მასობრივი ხასიათი თუ მიიღო, ნამდვილად პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვექმება საქმე", - ამბობს დიმიტრი აბესაძე.

დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო. ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×