სტოლტენბერგის ინფორმაციით, ნატო-ში შემავალმა 29-ვე ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი
ტატა შოშიაშვილი
21.07.2018

 ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინსტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში შემავალი 29 ქვეყნის ლიდერი თავად გადაწყვეტს იმას, თუ როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამით სტოლტენბერგმა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ძალიან ნეგატიური რეაქცია ექნება საქართველოს ან უკრაინის ნატო-ში მიღების შემთხვევაში.

საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა რუსეთმაც, რომელიც თვლის, რომ დასავლეთი საქართველოს გამოყენებას ცდილობს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი უფლება იმისა, რომ თავისი მეზობელი ქვეყნების მაგივრად თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები.

"რუსეთს არ აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს თავისი მეზობლების მაგივრად და მიუთითოს, რა უნდა გააკეთონ მათ. საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას აქვს იმის უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს, რა გზით იაროს უსაფრთხოების სფეროში იმ ხელშეკრულების გაფორმების ჩათვლით, რომლის ნაწილიც უნდა, რომ გახდეს.

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ ნატო-ში შემავალმა 29 ქვეყნის ლიდერმა, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის სამიტის მსვლელობისას, დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 18 ივლისს ბრიუსელში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არ იცვლება და ნატო-ში შესვლისკენ სწრაფვას გულისხმობს.

გარდა ამისა, ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც "ნატო-ს მომავალი წევრი", აგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

"საქართველოს შესვლა ალიანსში არ გულისხმობს ვინმესთან მტრობას. ეს ფაქტი გააძლიერებს რეგიონს და მოუტანს მას მეტ მშვიდობას. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ თვითონ მივიღებთ გადაწყვეტილებას. საქართველო და ნატო-ში შემავალი 29 ქვეყნის ლიდერი თავად მიიღებს იმის გადაწყვეტილებას, თუ როდის გახდება ქვეყანა ალიანსის წევრი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

"რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველო უკვე იქცა დასავლეთის სტრატეგიულ ელემენტად, რომლის მიზანია, შეაკავოს რუსეთი შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიაში.

"ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან ანტირუსული სანქციების შენარჩუნებასა და გაძლიერებაში. ამავდროულად, მათ მოტივებს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და ქვეყანაზე ზრუნვასთან", - აღნიშნა ზახაროვამ ინტერვიუს მსვლელობისას.

მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, რუსეთის ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობების ახალ ეტაპზე გავიდეს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნების ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

"ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე", - ამბობს მარია ზახაროვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×