(რეზონანსი) „კანონიერ ქურდობაში", ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი (მინდია გორაძე) სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პროკურატური ინფორმაციით, 2013 წელს ლავასოღლი ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებული იქნა „კანონიერ ქურდად". რის შემდეგაც, ის ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა პირებისგან თანხების გამოძალვას, ე.წ. „ქურდული საერთოს" შეკრებას და განაწილებას.
გარდა ამისა, 2014-2015 წლებში ლავასოღლის კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებისგანაც პერიოდულად იღებდა ინფორმაციებს კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ.
"2015 წლის 24 თებერვალს მინდია ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის" გადაცემა ,,განსხვავებული აქცენტების" ავტორს და წამყვანს, გამოთქვა უკმაყოფილება 2015 წლის 14 თებერვალს სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციის) გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.