თამარ შუკვანი
21.07.2018

 დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა" და საქართელოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის სულ უფრო მწვავდება. მარგველაშვილი ეძებს პასუხს კითხვაზე თუ რატომ გადადგა კვირიკაშვილი.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ, რაც პოლიტიკის ნაწილია.

„თუ კვირიკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატოზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის, ვინაიდან ეს პოლიტიკის ნაწილია," - აცხადებს ის.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილი დიდი ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ პასუხი უნდა მიიღოს თუ რატომ წავიდა კვირიკაშვილი პოლიტიკიდან.

"კვირიკაშვილი არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ავტორიტეტული იყო და ჰქონდა ნდობა. ბატონი კვირიკაშვილი რომ წავიდა, წავიდა ასეთი განცხადებით - პარტიის ლიდერთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან მას ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები. ხომ უნდა ვიკითხოთ, რა საკითხზე. იქნებ ვერ შეთანხმდნენ, ვერდის ოპერა უფრო მოსწონს თუ ვაგნერი ურჩევნია. ამაზე თუ ვერ შეთანხმდნენ, რატომ მიდის პრემიერ-მინისტრი?! ხოლო თუ კვირიკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატოზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის, ვინაიდან ეს პოლიტიკის ნაწილია. როგორც მოქალაქეები, ჩვენ ვიმსახურებთ პასუხს იმაზე, რაზე ვერ შეთანხმდნენ, რა იყო ასეთი მიუღებელი კვირიკაშვილის პოლიტიკაში, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გახდა აუცილებელი. თუ გოგენის ტილო ერთს მოეწონა და მეორეს ვან გოგის, ამის გამო პრემიერ-მინისტრები არ მიდიან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მას აინტერესებს თუ რატომ არ ასახლებს „ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს.

„რატომ არ ასახელებენ კანდიდატს? არ ასახელებენ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ დაასახელონ კანდიდატი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი," - აცხადებს ის.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნებში თავად მიიღებს მონაწილეობას „ქართულ ოცნებას" უფრო კონკურენტუნარიანი კანდიდატის დასახელება მოუწევს.

„ახლა ბუნებრივია, ყველაზე მეტად აწყობთ, რომ მე თქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მერე მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი იქნება, ჭკვიანი იქნება, აქ იმ კანდიდატს ვერ ნახავთ ვერაფრის დიდებით, თქვენ თუ მოიყვანთ ექსკურსიაზე, თორემ თვითონ აქ ვერ იქნება. ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ, ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, იმისთვის, რომ მე დამიპირისპირდეს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×