თამარ შუკვანი
21.07.2018

 პროკურატურა იმ დოკუმენტებით ინტერესდება, რომელიც ტექდათვალიერებას უკავშირდება. იგი აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შესაბამის სამართლებრივ პროცენდურებს იწყებს და ეკონომიკის სამინისტროში დოკუმენტების გამოთხოვებას გეგმავს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება პროკურატურასთან ითანამშრომლებს და ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

„საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, სამინისტრო პროკურატურას გადასცემს ე.წ. TIR პარკების მოწყობასთან დაკავშირებულ მის ხელთ არსებულ სრულ დოკუმენტაციას, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს-ერთიანიაკრედიტაციის ცენტრიდან" ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და ეტაპობრივად ხორციელდება. ინსპექტირება დიდი მოცულობის ძრავის ავტომობილებს შეეხება, რომელსაც 2019 წლის ბოლომდე მთელი ავტოპარკი გაივლის.

ეს ხდება იმ ფონზე, როცა პროკურატურა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის საქმიანობას იძიებს. მსგავსი გამოძიება ინფრასტრუქტურის ექსმინისტ ზურაბ ალავიძეზეც მიდის.

ქუმსიშვილი მთავრობაში 2012 წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ მივიდა და ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. მანამდე ის ძირითადად საბანკო სექტორში მუშაობდა, მათ შორის 1997-2011 წლებში „ბანკი ქართუს" ჯერ ხაზინის უფროსად, შემდეგ კი გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ. ეკონომიკის მინისტრობის პარალელურად ქუმსიშვილი 2015 წელს პირველი ვიცეპრემიერიც გახდა. 2016 წელს ის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა და პირველი ვიცეპრემიერის თანამდებობაც შეინარჩუნა, ხოლო 2017 წელს კვლავ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიციაზე დაბრუნდა და ეს თანამდებობა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ დატოვა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ახალი პრემიერის მამუკა ბახტაძის დროებით სამთავრობო გუნდში მისი კანდიდატურა აღარ მოიაზრებოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×