თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ერთ დროს ძლევამოსილი საველე მეთაურის, თარხან ბათირაშვილის ცოლ-შვილი დააკავეს. ცოლი, სედა დუდურკაევა ჩეჩნეთის მიგრაციული სამსახურის ყოფილი უფროსის ასუ დუდურკაევის ქალიშვილია. ის კიდევ ოთხ ადამიანთან ერთად თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ სედას დაკავების მომენტში თარხან ბათირაშვილის ორი მცირეწლოვანი შვილი ახლდა თან.
"რეპორტიორთან" საუბრისას, "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სედა დუდურკაევა თარხან ბათირაშვილთან შეხვედრამდე გათხოვილი იყო.
მისივე თქმით, დაკავება სავარაუდოდ რუსეთმა მოითხოვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ თურქეთში წაყენებული რაიმე ბრალდების გამო დააკავეს:
"ჩემი ინფორმაციით, სედას დაკავების მოთხოვნა, სავარაუდოდ, რუსეთმა გაგზავნა და ამის საფუძველზე დააკავეს, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ის თურქეთის სპეცსამსახურებს რაიმე კონკრეტული საქმიანობისთვის დაეკავებინათ.
"როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვსა და თარხან ბათირაშვილს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ წლების წინ არსებობდა.
"თუ სედას რაიმე კონკრეტულ დანაშაულში არ ედება ბრალი, მისი დაკავება რუსეთის, ჩეჩნეთის მოთხოვნა იქნებოდა... თარხან ბათირაშვილის ოჯახის ბედი დიდხანს გაურკვეველი იყო." - განაცხადა ბურჭულაძემ.
წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი, მეტსახელად აბუ ომარ ალ-შიშანი, 2016 წელს ამერიკული ავიაციის დაბომბვას ემსხვერპლა. ამ მომენტისთვის ის ფაქტობრივად "ისლამური სახელმწიფოს" საბრძოლო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
ჩეჩნეთში ბევრი ამბობს, თითქოს სედა ისლამისტებმა გაიტყუეს. კერძოდ, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წარმომადგენელი ხედა სარატოვა აცხადებს, რომ დუდურკაევა "ისლამურ სახელმწიფოში" მოტყუებით გადაიბირეს და ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოტყუებით გადაიყვანეს.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა 2014 წელს საკუთარი "ინსტაგრამზე" განაცხადა, რომ მან მიგრაციული სამსახურის უფროსი ასუ დუდურკაევი სამსახურიდან გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მისმა ქალიშვილმა ბანდიტებისა და ვაჰაბისტების გვერდით ყოფნა აირჩია, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლს ღვრიან, დუდურკაევს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ პატრიოტიზმზე, რელიგიასა და მორალზე ესაუბროს თავის ქვეშევრდომებს.
ერთ-ერთი ვერსიით, დუდურკაევამ ბათირაშვილი სოციალური ქსელების მეშვეობით გაიცნო 2013 წელს, რის შემდეგაც მასთან ერთად თურქეთში გაიქცა, ხოლო თურქეთიდან კი სირიაში გადავიდა.
დუდურკაევას დედა და ძმა ცდილობდნენ მის გადარწმუნებას და 2016 წელს, ქმრის დაღუპვის შემდეგ, სირიაში დარჩენილი ქალის სახლში დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
სამსახურიდან გაშვების შემდეგ ასუ დუდურკაევს არაერთხელ შესთავაზეს დახმარება შვილის დაბრუნებაში, მაგრამ ის აცხადებდა, რომ თვითონ მოაგვარებდა ამ საკითხს. ასუ დუდურკაევი ჩავიდა სირიაში ქალიშვილის წამოსაყვანად, თუმცა უშედეგოდ.
ნინო ბურჭულაძის თქმით, სექტემბერში პანკისის ხეობაში ისევ იყვნენ ჩამოსულები გოგოს ნათესავები და თარხანის ძმას, ოთარს სედას სირიიდან ჩამოყვანას და ჩეჩნეთში დაბრუნებას სთხოვდნენ. როდესაც ჰამზათ ბორჩაშვილი სირიაში მოკლეს, მას მერეც იყო მოთხოვნა, რომ სედა დაბრუნებულიყო შინ, თუმცა როგორც თავად დუდურკაევასგან იცის, ის ფიქრობდა, რომ ამ ნაბიჯს არ აპატიებდნენ, აუცილებლად მოკლავდნენ.
სწორედ ამიტომ არ ბრუნდებოდა. როცა ცნობილი გახდა, რომ სედა დურდუკაევა თარხან ბათირაშვილის ცოლი გახდა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა და რამზან კადიროვი ახლა პირადად თარხანს დაემუქრა. კადიროვი მზად იყო მის მოკვლაში ორი მილიონიც კი გადაეხადა.
ასუ დუდურკაევის ნათესავები ყოველ ღონეს ხმარობდნენ სედას დასაბრუნებლად.
ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წარმომადგენელმა ხედა სარატოვამ განაცხადა, რომ ბათირაშვილი დაღუპვის შემდეგ სედა დუდურკაევამ რამდენჯერმე შვილებთან ერთად სცადა გაქცევა, მაგრამ ბათირაშვილის ძმა მას ძალით აკავებდა და აბრუნებდა უკან.
ახლა სედას თურქეთში სასამართლო ელის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პატიმრობას გადაურჩეს და სამშობლოში დააბრუნონ ან გაუშვან რომელიმე მესამე სახელმწიფოში, რომელიც დათანხმდება თურქეთისთვის არასასურველი პირების მიღებას.
ჩეჩნეთში არასრულწლოვნების დედებს, რომლებიც ნასამართლევი იყვნენ უკანონი შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისთვის, ხშირად აძლევდნენ სასჯელის გადავადების საშუალებას იქამდე, სანამ მსჯავრდებულის შვილები 14 წლის ასაკს მიაღწევენ.
ხედა სარატოვამ აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში დაბრუნების შემთხვევაში, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილ ქალებს ამოწმებენ, მაგრამ შეურაცხყოფას არავინ აყენებს:
"რა თქმა უნდა, ისინი უნდა დაისაჯონ, მაგრამ უფრო ჰუმანური მეთოდის გამოყენებით, რადგან, ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში ისინი ტერორისტებისა და ტერორისტული დაჯგუფებების მსხვერპლნი არიან," - განაცხადა სარატოვამ.