(რეზონანსი) „ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. ბაქრაძე პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, წარუდგინა.
დავით ბაქრაძემ თანაგუნდელებს და მხარდამჭერებს მიმართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„დღეს აქ თქვენს თვალებში ვხედავ იმას, რაც ასე აკლია საქართველოს და რისი დაბრუნებაც იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. თქვენს თვალებში ვხედავ იმედს და რწმენას. იმედს იმისა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს უკეთესი და რწმენას, რომ ჩვენ ბრძოლას აქვს აზრი. ეს უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, რომ ყველამ გაიგოს, ბრძოლას აქვს აზრი. თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, საქართველო აუცილებლად წავა წინ და იქნება უკეთესი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, „ევროპული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნების დროს იბრძოლებს პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, მაგრამ არც ერთი ადამიანის წინააღმდეგ, რადგან ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ სხვა პარტიებს, საქართველოს მოქალაქეები არიან.