„ყველას თავისი აზრი აქვს და უნდა გამოთქვას იგი; პოლიტიკურ პროცესებზე, სახელმწიფო განვითარების საკითხებზე, პარტიებსა თუ პარლამენტზე. დავით ჭიჭინაძემ უბრალოდ გამოთქვა თავისი აზრი და ის არ არის ისეთი დიდი ფიგურა, როგორიც ჩვენ გავხადეთ. მას თითქმის არავინ იცნობდა და ახლა კი გმირად არის გამოყვანილი, რადგან მან რაღაცა თქვა და მის სახელს გაიძახის მთელი საქართველო," აცხადებს "მთელ კვირასთან" პოლიტოლოგიის პროფესორი იგორ კვესელავა.
თუ რა გახდა მიზეზი ყოფილი უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის გარიცხვის, რამდენად ლეგიტიმური იყო მისი გარიცხვა და ჭიჭინაძეს „ქართული ოცნების" პარტიიდან ვინ შეიძლება მიჰყვეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით „მთელი კვირა" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას ესაუბრა.
„მთელი კვირა": პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას როგორ აფასებთ და ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ჩნდება კითხვის ნიშნები?
იგორ კვესელავა: მის მიერ აზრის გამოთქმა მიმაჩნია, რომ არის სრულიად ლეგიტიმური. მას არ მოსწონდა პარლამენტის გარკვეული მუშაობა და სურდა ვადამდელი არჩევნები. არჩევნების ჩატარება კი ასე მარტივი არ არის. ჭიჭინაძე კვირკაშვილის გუნდს მიეკუთვნებოდა და ალბათ, თავად კვირიკაშვილი ფიქრობდა ასე.
მას შეიძლება ჰყავდეს თავისი მოაზრეები, რადგან პარლამენტში არ არის ერთსულოვნება და არის აზრთა სხვაობა. მთავრი აქ არის ის, თუ ვინ გადაწონის. შესაძლებელია მას შექმნას დამოუკიდებელი ფრაქცია და მიიღოს მუშაობაში მონაწილეობა. „ქართული ოცნების" ზოგიერთი პოზიცია გაიზიაროს, ზოგიერთი კი არა, მაგრამ ის არ გადავა ისეთ ოპოზიციაში, როგორიც არის თუნდაც „ნაციონალური მოძრაობა" ან „ევროპული საქართველო."
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ „ქართულ ოცნებაში" განხეთქილება დაიწყებოდა, რადგან ჩვენ ეს ტრადიციად გვაქვს; აგვისტოში იქნება ცნობილი თუ როგორ დაჩქარდება პროცესები. ასევე, ბევრი რამ დამოკიდებულია ახალი მთავრობის მუშაობაზე. თუ მან ვერ შეძლო რეფორმების განხორციელება, გამოდის, რომ ეს პროცესი უფრო დაჩქარდება. მთავრობის კარგმა მუშაობამ კი შესაძლოა პროცესი შეაჩეროს. ჩვენ ვდგავართ გზაგასაყარზე. თუ ჭიჭინაძე არ იტყოდა ამ ყველაფერს, შესაძლოა სხვას ეთქვა. სიახლეებს უნდა ველოდოთ.
„მ.კ": „ქართული ოცნების" მხრიდან რამდენად ლეგიტიმური იყო დავით ჭიჭინაძეის პარტიიდან გარიცხვა?
ი.კ: არსებობს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამას აქვს თავისი საზღვარი. მან არაერთხელ გააკეთა განცხადებები, რომელიც მმართველი გუნდის წინააღმდეგ იყო მიმართული და რამდენჯერმე ამ ყველაფერზე მიუთითეს კიდევაც.
მგონია, რომ ცოტა მაინც მკაცრი იყო „ქართული ოცნება" გადაწყვეტილება. მან გაფრთხილება არაერთხელ მიიღო; როდესაც მკვეთრი ნაბიჯები გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ, სწორედ მასზე იყო დამოკიდებული, გაერიცხათ თუ არა. მოლაპარაკებისა და დიალოგის გზით შეიძლებოდა ამ ყველაფრის მოგვარება.
აქ გარიცხვა კი არ იყო მთავარი, არამედ პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენი მთავარი უბედურებაც სწორედ ეს არის, პრობლემის მოგვარების გზებს ვერ ვპოულობთ.
„მ.კ": პარტიიდან გარიცხული ჭიჭინაძე სად შეიძლება წავიდეს? ვიხილავთ ოპოზიციაში?
ი.კ: ჭიჭინაძე კვირიკაშვილის გუნდის წევრი და თანამოაზრე იყო. კვირიკაშვილი, როგორც ვიცით, პოლიტსაბჭოს სიიდან იქნა ამოღებული. პარლამენტიდან ერთადერთი ჭიჭინაძე იყო, ვინც თანამდგომა გამოუცხადა კვირიკაშვილს. მართალია, კვირიკაშვილი არ გაურიცხიათ პოლიტსაბჭოდან, მაგრამ დაახლოებით ჰგავს კიდევაც გარიცხვას.
მე არ ვიცი, კვირიკაშვილი ისევ დაიწყებს თუ არა პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაგრამ შესაძლოა, მისი და მარგველაშვილის პოლიტიკური შეერთება მოხდეს. ამათთან მიმართებაში კი შესაძლოა ვიხილოთ ჭიჭინაძეც და შესაძლოა თანამოაზრეებიც გამოუჩნდეთ.