ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ცეკას ყოფილ მდივანს და ჟურნალისტს, ნუგზარ ფოფხაძეს დაუპირისპირდა. როგორც ჩარკვიანი „ფეისბუქზე" წერს, ფოფხაძე „რუსეთს გრუ-ს კარდინალია", რომელიც რუსეთიდან ფინანსდება და რომელმაც ყველაფერი იკადრა, მამამისის, ჯანსუღ ჩარკვიანის დასაფლავებაზე 2 აგენტი ქალიც კი მიუგზავნა პროვოკაციულად, რომლებიც ჩარკვიანის მთაწმინდაზე დაკრძალვას აპროტესტებდნენ.
ფოფხაძემ საპასუხოდ საგაზეთო კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ხოლო „ფეისბუქში" დაწერა, რომ გარკვეულ დონემდე მოითმენს, მაგრამ „ყველა უზნეობას აქვს საზღვარი და, შესაძლოა, გაბრაზდეს უზნეოთა დასტაზე".
დაპირისპირება და ბრალდებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობისა" და რამდენიმე მცირერიცხოვანი პარტიისაგან შექმნილი ერთობის საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენაში მიიღო მონაწილეობა. მან ტელეკომპანია „პირველთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ წარდგენაში მონაწილეობის გამო მას დაემუქრნენ კიდეც და მასზე არსებული ამ თავდასხმების უკან „გრუ-ს გენერალი" ნუგზარ ფოფხაძე დგას.
ნუგზარ ფოფხაძე საბჭოთადრონდელი ცეკას ყოფილი მდივანია იდეოლოგიის დარგში. ის აქტიურად იყო ჩართული 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებშიც და დემონსტრანტებს ექსტრემისტებს უწოდებდა, მათ დარბევას კი მიესალმებოდა. ფოფხაძე ასევე ედუარდ შევარდნაძის ფონდ დემოკრატია და აღორძინების პრეზიდენტი იყო. 1999-2001 წლებში კი თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა.
ფოფხაძე ამჟამად „ქართული ოცნების" მხარდამჭერი და ინტერნეტ პორტალ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ჩარკვიანი მას მუქარაში სდებს ბრალს.
თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ნუგზარ ფოფხაძე 1990-იან წლებში ზვიად გამსახურდიასა და ჯანსუღ ჩარკვიანს „უწამლავდა სიცოცხლეს" და ჯანსუღ ჩარკვიანის სიკვდილის შემდეგაც კი გააგრძელა მისი მამის წინააღმდეგ „ბინძური ბრძოლა".
„დღეს ყველამ იცის ვინ არის რუსეთის „შნიკი" და ვინ არა, ვინ დგას რუხ კარდინალთან, ის ვინც გრუ-ს ბებერი კარდინალია, რომელიც ჩვენს მშობლებს, (ჯანსუღ ჩარკვიანს და ზვიად გამსახურდიას) უწამალავდა სიცოცხლეს და დღესაც ის დგას ამ ბინძური ჯგუფის უკან. ბატონ ნუგზარ ფოფხაძეზე ვსაუბრობ..."- განაცხადა ჩარკვიანმა, რომლის თქმითაც, ჯანსუღ ჩარკვიანის დასაფლავების დღეს მთაწმინდაზე პროვოკატორი ქალი ნუგზარ ფოფხაძემ გააგზავნა.
„მთაწმინდაზე, როდესაც ჯანსუღის დაკრძალვა იყო, ამოვიდა ქალბატონი, ლეილა ცომაია. მთელმა დისიდენტობამ იცის, რომ ეს ქალბატონი გამსახურდიასთან შეგდებული იყო, როგორც აგენტი. ამოვიდა ტრანსფარანტით, ჯაბუა ამირეჯიბი და ჯანსუღ ჩარკვიანი რატომ უნდა იყვნენ დაკრძალულები მთაწმინდაზე. რა ვიცი, ხალხმა დაკრძალა და სიყვარულის მეტი ჯანსუღს არაფერი უგრძვნია. მე რომ თქვენ გითხრათ, რომ მთაწმინდაზე ეს ქალბატონი „გერეუშნიკმა" ამოაგზავნა, ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ, რას იზამთ?! ის წლებია ფინანსდება ამ გერეუსგან," - განაცხადა ჩარკვიანმა.
ამ განცხადების შემდეგ ჩარკვიანმა „ფეისბუქიდან" მიმართა ნუგზარ ფოფხაძეს და ის დრო გაახსენა, როცა ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო და 1989 წლის 9 აპრილის დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე ცეკას შენობაში გამართულ პარტიული აქტივის კრებაზე ტრიბუნიდან ქუჩაში გამოსული ქართველი ახალგაზრდების დარბევა მოითხოვა.
"საფლავთან რომ მამას დაგაცვევინებს, დასაფლავების დღეს აგენტ ქალს ამოგიგზავნის პირდაპირ საფლავთან და მერე რომ ,,იქით" ნაწყენია თვითონ - საოცარია და ,,პროფესიონალური". მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ჯანსუღი, რომელიც 8 აპრილს სიტყვით გამოვიდა და შეგეწინააღმდეგათ (ბ.-ნ ნუგზარ, ამის ჩანაწერიც არსებობს), არ აპატიებდით, მაგრამ სულ მთლად საფლავთან პროვოკაცია ვერ გავთვალე. მაინც მუსიკოსი ვარ", - დაწერა ჩარკვიანმა და 1988 წლის აპრილში ნუგზარ ფოფხაძის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ფოფხაძე სიტყვით გამოდის, დემონსტრანტებს ექსტრემისტებს უწოდებს და მათ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვს. „საბჭოთა ხელისუფლების მტერთან მხოლოდ სიტყვით ბრძოლა დაუშვებელია" - აცხადებს ფოფხაძე.
ნუგზარ ფოფხაძემ თაკო ჩარკვიანის ამ ბრალდებებს ჯერ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსით უპასუხა: "არც არავინ გაგიმართლა,
შენ სულ ყველას გაუმართლე,
ვინც ხელი არ გაგიმართა,
ყველას ხელი გაუმართე.
სიყვარულის სახლთა მშენი,
შვილთა აკვნის გამთლელი ხარ,
სხვანაირად არ შეგშვენის,
თუ ნამდვილი ქართველი ხარ."
ლექსის შემდეგ კი დაწერა: „უბრალოდ, ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება "რაღაცეების" გახსენება, მით უმეტეს, როცა კონფინდენციალური(!!!) "ინფორმაცია" როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს (და არა "ბებერ გრუ-ს გენერალს") მაქვს მიღებული. თანაც, როცა "საინტერესო" ობიექტი გარდაცვლილია... მაგრამ, ყველა უზნეობას აქვს საზღვარი და, შესაძლოა, გავბრაზდე და... (იხ. ჩემი პასუხი დავით იაკობიძეს)... მერე სად და ვისთან შეძვრება ვიღაცეებისგან გაგიჟებული და მართული უზნეოთა დასტა, ვისთვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს. "ტოჟე მნე, დისიდენტი!"
ასევე დაწერა, რომ თაკო ჩარკვიანს არ აყვება.
„გარკვეულ დონემდე მოთმინებას დავთრგუნავ! მამის სახელს ასე მგრძნობიარედ რომ "უფრთხილდები", თუნდაც იმიტომ... წარმატებები, ჯანსუღის ქალიშვილო, ღმერთმა ოდნავ მაინც მოგცეს იმის ნიჭი და უნარი, რომ გაარჩიო "ვისი ვიოლინო ვის როიალშია" - წერს ფოფხაძე.