რეზონანსი
22.07.2018

 (რეზონანსი) ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ყოფილი ადვოკატი დავით გირგვლიანი კობაურის დაცვაზე უარის თქმით მიზეზებს განმარტავს. ადვოკატის განცხადებით, კობაურის დაცვაზე უარის თქმის მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა არ არის.

„საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით და ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ადამიანების აზრს, თითქოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რაღაც ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე მივიღე. გამოძიების შემდგომ ეტაპებზე წარმოიშვა გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ჩემსა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შორის იმ მიმართულებით, რომ სხვადასხვაგვარი სტრატეგიის განვითარებამ წამოიწია წინ. მე დაცვის სტრატეგიის შემუშავებას სხვა მიმართულებით ვფიქრობდი და ამ მიმართულებით თითქოს არათავსებადი იყო ჩვენი პოზიციები. ამიტომ, მივიჩნიე საჭიროდ მეფიქრა იმ საკითხზე, დავრჩენილიყავი თუ არა ამ საქმეში და შესაბამისად მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება", - აცხადებს დავით გირგვლიანი.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, საზოგადოებაში მის ქმედებებთან დაკავშირებით, გარკვეული მოსაზრებები არსებობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ასევე, მინდა იმ ადამიანებს ვუპასუხო, ვინც ამბობდა, თითქოს გარკვეულწილად მე მოვახდინე რაიმე პოზიციის ჩამოყალიბება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თუ გადახედავენ აღკვეთის სხდომაზე ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებებს, მიხვდებიან, რომ ვიდრე საქმეში ჩავერთვებოდი, მანამდე ამბობდა ბრალდებული ამას",-განაცხადა ადვოკატმა.

დავით გირგვლიანი მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რა მოსაზრებები არსებობს საზოგადოებაში, მალხაზ კობაურს დაცვის უფლებას ვერავინ წაართმევს.

„რაც შეეხება დაცვის უფლებას, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ რაც არ უნდა მძიმე დანაშაულს აბრალებდნენ ადამიანს, მას აუცილებლად აქვს დაცვის უფლება. მალხაზ კობაურს ალბათ სავარაუდოდ უფასო იურიდიული დახმარების სამსახური დაიცავს და ამ უფლებას მას არავინ წაართმევს. თავიდანვე ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ჭეშმარიტება დადგენილიყო ამ საქმეში და გადაჭრით არსად არ მითქვამს, რომ ეს ადამიანი ცალსახად დამნაშავეა თუ უდანაშაულო. არასოდეს არ დავარღვევ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ამას მოითხოვს. უბრალოდ მივიჩნევ, რომ ეს საქმე ამ ეტაპზე აღარ უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობით. მე ვრჩები ჩემს პროფესიაში, ვრჩები სიმართლის მხარეს, კვლავ გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას, როგორც აქამდე, უბრალოდ, ამ საქმეში აღარ გავაგრძელებ მონაწილეობას", - აცხადებს კობაურის ყოფილი ადვოკატი 1 tv-სთან საუბარში.

დავით გირგვლიანმა მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი 21 ივლისს თქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×