ია აბულაშვილი
23.07.2018

 "ამ ეტაპზე, "ოცნებაში" მკვეთრად გამოხატული დაპირისპირება არ ჩანს, თუმცა ბრძოლა მიდის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ვინ ჩაიგდებს ხელში სადავეებს და ვინ შეადგენს პარტიულ სიას. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალბათ ჩამოყალიბდება ერთმანეთის საპირწონე ორი გუნდი", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "მთელი კვირა" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბრა.

"მთელი კვირა": უსუფაშვილის ოპტიმიზმს თუ გავითვალისწინებთ, მალე შეიქმნება ახალი ცენტრისტული ბლოკი, მანამდე კი "შენების მოძრაობის" ლიდერი, თუ მარგველაშვილი კენჭს არ იყრის, თავის კანდიდატურას დააყენებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ვ.ძ: ვფიქრობ, იმ ფონზე, რომ ოპოზიციას ბევრი კანდიდატი ჰყავს საპრეზიდენტო არჩევნებში, უსუფაშვილს გაუჭირდება გამარჯვება. ალბათ, მისი გეგმები უფრო შორს მიმავალია და ცენტრისტული ბლოკის შექმნაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. გახდება თუ არა ეს ცენტრი მიზიდულობის ძალა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და შეძლებენ თუ არა პარტიების მობილიზებას, ვერ გეტყვით, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ძალა ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს.

"მ.კ": ამბობენ, რომ უსუფაშვილი-მარგველაშვილის ტანდემს შეიძლება, ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი შეუერთდეს...

ვ.ძ: კვირიკაშვილის პოლიტიკაში მიბრუნება ძალიან ნაადრევი იქნება და მისთვის წამგებიანი. მან მკვეთრი შეფასებები გააკეთა, როცა პრემიერობიდნ გადადგა, მაგრამ, თუ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებდა, მაშინ უფრო რადიკალური განცხადებები უნდა გაეკეთებინა. მისი განცხადებები უფრო თავდაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. დრო რომ გავა, შეიძლება, დაბრუნდეს პოლიტიკაში.

"მ.კ": მარგველაშვილი პასუხის გაცემას არ ჩქარობს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, ამბობს, რომ თუ დადებით პასუხს იტყვის, "ოცნება" ძლიერ კანდიდატს დაასახელებს, თუ უარს, მაშინ - სუსტ კანდიდატს, ჩემი პასუხგაუცემლობით კი "ოცნებას" ვეხმარებიო...

ვ.ძ: თუ მარგველაშვილს აქვს იმის განცდა, რომ ორაგნიზაციულად მისი საარჩევნო კამპანია იქნება გამართული, არ უნდა იჩქაროს თავისი კანდიდატურის დასახელება. მაგრამ ასეთი განცხადებები უფრო პროვოკაციული პიარის შემადგენელი ნაწილია.

"მ.კ": "ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ დადგენილ ვადებში ჩაეტევიან და მერე დაასახელებენ თავიანთ რჩეულს...

ვ.ძ: მე რომ "ოცნების" ადგილას ვიყო, დადგენილ ვადას 10 წუთი რომ დააკლდება, მაშინ დავასახელებდი კანდიდატს. სწორადაც აკეთებენ, რომ არ ჩქარობენ - ფინანსურად, ორგანიზაციულად და პიარის კუთხით ყველაფერი მოგვარებული აქვთ. კანდიდატიც თავისი რეიტინგით კი არ იბრძოლებს, არამედ - პარტიის რეიტინგით. საზოგადოებისთვის სულ უცნობი კანდიდატიც რომ დაასახელონ, მის ცნობადობას ძალიან მალე უზრუნველყოფს "ქართული ოცნება" თავისი ფინანსებითა და პიარით.

"მ.კ": "ოცნებამ" შეიძლება, საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი არც დააყენოს და დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

ვ.ძ: არ არის გამორიცხული. არა მგონია, რომ დღეს არსებული უფლებების ფარგლებში კი არა, ახალი კონსტიტუციითაც, როცა პრეზიდენტის უფლებები მკვეთრად იკვეცება, "ოცნებას" ძალიან სჭირდებოდეს პრეზიდნეტის სავარძელი. თუ ნეიტრალურ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ქვეყნის შიგნით იგი მაინც "ოცნების" კანდიდატად აღიქმება, საერთაშორისო ასპარეზზე კი შეიძლება, უფრო მომგებიანიც იყოს.

"მ.კ": ეთანხმებით თქვენს კოლეგებს, რომ "ოცნების" შიგნით დაპირისპირება შეიძლება, უფრო გაღრმავდეს?

ვ.ძ: ამ ეტაპზე მკვეთრი დაპირისპირება არ ჩანს, თუმცა "ოცნებაში" მიდის ბრძოლა, ვინ იქნება ივანიშვილის კარზე პირველი ვეზირი, ვინ ჩაიგდებს ხელში სადავეებს 2020 წლის საპარლამენტო არჩვნებისთვის. ახლა მიდის დაჯგუფებები და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალბათ ჩამოყალიბდება ერთმანეთის საპირწონე ორი გუნდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×