ლორა და ქალებ სმიტების ცხედრების ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, როგორც ხადის ხეობაში, ასევე მარნეულში, სადაც სმიტების ოჯახი 7 წელი ცხოვრობდა, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ დანაშაული სექსუალურ ნიადაგზე მალხაზ კობაურმა ჩაიდინა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქალებ სმიტი კი თოფის მიბჯენით მოკლა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მათ მსგავსი სახის სისასტიკე პრაქტიკაში არ ახსოვთ. მათივე განცხადებით, ეს არ არის საბოლოო დასკვნა, უახლოეს მომავალში მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს.
მალხაზ კობაურს, სავარაუდოდ, ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდება.
მისმა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა, ექსპერტიზის პასაუხების გაცნობის შემდეგ, კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.
"მთელი კვირა" მალხაზ კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენი კითხვის შემდეგ ტელეფონი გათიშა და ექსპერტიზის დასკვნაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
"მთელ კვირასთან" ხადის ხეობის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ქალზე ძალადობის ეჭვი მისი პოვნისთანავე გაუჩნდათ. ასევე მწყემსების საუბრის შემდეგ, რომ მას სმიტის ფოტოები ტელეფონში ჰქონდა, ეჭვი უფრო გაუღრმავდათ, რომ კობაურმა ოჯახი ლორა სმიტის გამო დახოცა.
ისინი გაოგნებული ჯერ კიდევ მაშინ დარჩნენ, როდესაც საკუთარი ყურით უსმენდნენ, როგორ დეტალურად ჰყვებოდა ის ოჯახის დახოცვის ისტორიას, თუმცა, მათი აზრით, მწყემსი კიდევ ბევრ დეტალს მალავს და მათთვის ლორა სმიტის გარდაცვალების ისტორია დამაჯერებელი არ არის.
"ჩემი აზრით, მან ჯერ ქმარი და ბავშვი დახოცა, შემდეგ ლორა სმიტზე იძალადა და არ გამოვრიცხავ, რომ ის კლდიდან თავად გადააგდო. ჩნდებოდა კითხვები, ამ გამხდარმა და სუსტმა ადამიანმა როგორ მოახერხა, რომ ჯერ ქმარი მოკლა, შემდეგ კი ქალის დამორჩილება და გაუპატიურება შეძლო.
"არ გამოვრიცხავთ და ასეთი ვერსიაც გაჩნდა, რომ შესაძლოა, ის ლორა სმიტს ბავშვის მოკვლით დაემუქრა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მისი დამორჩილება. რაღაც დეტალებია, რომლებსაც ბოლომდე კობაური არ ჰყვება. გამოდის, რომ ამ ოჯახთან რაღაც პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა. ამიტომ ხეობაში გვგონია, რომ ის კიდევ ბევრს არ ჰყვება. როგორც ვიცით, პოლიციამ სმიტების კუთვნილი ფოტოაპარატი იპოვა, სადაც ალბათ კიდევ ძალიან ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა", - აცხადებს ერთ-ერთი მწყემსი "მთელ კვირასთან".
მარნეულში სმიტების ოჯახის მეგობარი ლეილა სულეიმანოვა "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, გარდაცვლილი ოჯახის მეზობლები შოკში არიან. სულეიმანოვას განცხადებით, რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ რაიან სმიტი მალხაზ კობაურთან უბრალო რამის გამო კონფლიქტში არ შევიდოდა. მათ ბოლომდე არასდროს სჯეროდათ, რომ მწყემსს ის მხოლოდ იმის გამო აუშარდა, რომ მან ლორა სმიტს დახმარება გაუწია და კლდიდან დაგორებას გადაარჩინა. მათაც სჯერათ, რომ მწყემსი ბევრ დეტალზე კიდევ არ საუბრობს და ლორა სმიტიც მისი მოკლულია.
"არ ვიცი, რა ვთქვა. საიდან ამდენი სისასტიკე! შოკში ვართ, მაინც ბოლომდე გვჯეროდა, რომ ლორა სმიტზე ძალადობის ეჭვი არ დადასტურდებოდა. უკვე ეჭვიც აღარ გვეპარება, რომ ეს იყო სექსუალური ხასიათის მკვლელობა და მან მთელი ოჯახი ამის გამო ამოხოცა. ბევრ რაღაცას კიდევ არ ჰყვება. მის მიერ შემოთავაზებული ვერსია უკვე ეჭვს აჩენს და მეც მგონია, რომ ის ბევრ რაღაცას კიდევ მალავს. უცნაურია და არ მჯერა, რომ ლორამ ბავშვი მას დაუტოვა და გაიქცა. ეს მომენტი რაღაც სხვანაირად მგონია და ალბათ გამოძიება ამასაც დაადგენს", - აცხადებს სულეიმანოვა.
სმიტების ოჯახი ამერიკაში ნათესავებმა უკვე გადაასვენეს. ისინი საქართველოში არც ჩამოსულან და მათი სამშობლოში გადასვენება ამერიკის საელჩომ ითავა. სმიტების მშობლებს ამ თემაზე მედიასთან კონტაქტი არ სურთ და, შესაბამისად, საელჩოც გამოძიების დასრულებამდე რაიმე შეფასებისგან თავს იკავებს.
ამერიკელი ოჯახის მკვლელობის გამოძიებაში ფედერალური ბიურო არის ჩართული, რომელიც ქართველ სამართალდამცველებთან ერთად სმიტების მკვლელობის ყველა ფაქტობრივ გარემოებას სწავლობს.