"მალე გუბერნატორებიც შეიცვლებიან. თუ რომელიმე "უპატრონო" გუბერნატორი გამოჩნდება, ვისაც მაღლა მფარველი არ ეყოლება, რომ მამუკა ბახტაძესთან ჩაუწყოს საქმე, მღებრიშვილის შემდეგ მისი ჯერი დადგება და სახლში გაუშვებენ... რაც შეეხება გამოძიებას, არ მგონია, რომ კვირიკაშვილზე გასვლა სურდეთ და კვირიკაშვილიც დაიბარონ პროკურატურაში. ქუმსიშვილი ისედაც დისკრედიტებული და უაღრესად არაპოპულარული იყო თავისი ბღუჯა-ბღუჯა ფულებისა და მსგავსი სულელური ლაპარაკის გამო", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
"მთელი კვირა": ხელისუფლებაში საკადრო წმენდა გრძელდება და გიორგი მღებრიშვილიც წავიდა სახლში. თქვენი აღქმით, გიორგი კვირიკაშვილის კადრების წმენდა ხდება?
სოსო ცინცაძე: ეს ხომ უჩვეულო სენსაცია არ არის. შევარდნაძისგან დაწყებული, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც კი მოდის ახალი პრემიერი, მოდის ახალი მინისტრი, მოდის დეპარტამენტის ახალი უფროსი, მოდის ახალი გამგებელი და ახალი გუბერნატორი, ანუ იწყება ძველი კადრების გაშვება და საკუთარი გუნდის მოყვანა.
კარგად მახსოვს შევარდნაძის დროს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსად დანიშნეს გიორგი ისაკაძე. ის მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და ამ პატარა ბიჭმა განაცხადა, ჩემი გუნდით მოვდივარო. 24-25 წლის ბიჭს რა გუნდი უნდა ჰყოლოდა? ეს იყო მისი სკოლის ამხანაგები, მეზობლები, უბნელი ბიჭები და ნათესავები. ასე ხდება სულ, პროფესიონალს არ აქვს დაფასება და პროფესიონალიზმით კი არ ხდება შერჩევა, არამედ - პირადი ერთგულების ნიშნით, ამიტომ ეს გასაკვირი არ არის.
"მ.კ": ამ პრინციპით, გუბერნატორების შეცვლის ჯერიც მალე დადგება? ქალაქის მერებს, რომც უნდოდეთ, ვერ შეცვლიან, არჩევითი თანამდებობაა და გამოდის, გუბერნატორებად უნდა ველოდოთ ახალ სახეებს?
ს.ც: რასაკვირველია, გუბერნატორებიც შეიცვლებან. თუ რომელიმე უპატრონო გუბერნატორი გამოჩნდება, რომელსაც მაღლა მფარველი არ ეყოლება, რომ მამუკა ბახტაძესთან ჩაუწყოს საქმე, მღებრიშვილის შემდეგ მისი ჯერი დადგება და სახლში გაუშვებენ. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან 30 წელზე მეტია, ვერ შეიქმნა ნამდვილი, ცივილიზებული ბიუროკრატიული ფენა, როგორიცაა ევროპაში, როდესაც მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის მოადგილეები არიან, რომლებსაც 7-10 მინისტრი ჰყავთ გამოცვლილი და რომლებიც სიმპათიებითა და ნეპოტიზმის პრინციპით კი არ არიან შერჩეული, ვინ ვისი მეგობარია და ვინ ვის იცნობს, არამედ - პროფესიონალიზმით.
ხშირად პრემიერი საკუთარი გემოვნებით არჩევს კადრებს, თუმცა ხშირად - ვერც. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ, ბახტაძის ნება რომ ყოფილიყო, წულუკიანი მინისტრობის პოსტს ვერ შეინარჩუნებდა. მისი დატოვება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.
"მ.კ": ამ ეტაპზე კვირიკაშვილის კადრების მხოლოდ გათავისუფლებაზე არ არის საუბარი, ისე, როგორც წინა პრემიერის დროს იყო, არამედ იმაზეც, რომ ყოფილი მინისტრებით პროკურატურა ინტერესდება. კულუარებში ითქვა, რომ ქუმსიშვილისა და ალავიძის შემდეგ შესაძლოა, პროკურატურა მღებრიშვილითაც დაინტერესდეს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? და ეს ნიშნავს თუ არა, რომ კვირიკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო?
ს.ც: არ მგონია, რომ კვირიკაშვილზე გასვლა სურდეთ და კვირიკაშვილიც დაიბარონ პროკურატურაში. ქუმსიშვილი ისედაც დისკერიდიტებული და უაღრესად არაპოპულარული იყო თავისი ბღუჯა-ბღუჯა ფულებისა და მსგავსი სულელური ლაპარაკის გამო. მღებრიშვილი, ასე თუ ისე, წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
"მ.კ": თუმცა, მღებრიშვილის შს მინისტრობას უკავშირდება არაერთი სკანდალი: იგივე ნარკოტიკებს ჩადებების თემა, "ბირჟა მაფიის" საქმე, ასევე - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება, რის გამოც დასავლეთში კითხვებიც დაისვა და ხომ შეიძლება, ამ საქმეებით გამოძიება დაინტერესდეს?
ს.ც: მაგრამ ეს ხომ პირადად მას არ უკავშირდება?! ჟურნალისტის გატაცებაზე მღებრიშვილის ბრალი მინიმალურია. მართალია, მღებრიშვილმა, როგორც კარგმა ხელმძღვანელმა და ორგანიზატორმა, თავი ვერ გამოიჩინა ბორჯომის ტყეების ხანძრის დროსაც.
ხომ არ შევახსენებდით, რომ ჰანიბალმა ალპებზე სპილოებიც კი გადაიყვანა. თუ სურვილი იქნება, პროკურატურა მოძებნის საქმეს მის წინააღმდეგ, თუმცა მოლოდინი არ მაქვს. არ სჭირდება "ოცნებას" კიდევ ერთი სკანდალი.
"მ.კ": კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, "ოცნების" წევრები ექსპრემიერის ღია კრიტიკას არ ერიდებიან და ეს რისი მაჩვენებელია? თუნდაც ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება სურდათ და კვირიკაშვილის წინააღმდეგობის გამო არ მოხდა...
ს.ც: ჩემი აზრით, ცოტა დაუსაბუთებელი და უხერხულია თანამდებობიდან წასული ადამიანის კრიტიკა. ძველი თაობის კაცი ვარ და თავს არ მივცემ უფლებას, ჩემს ყოფილ თანამშრომელზე ან ყოფილ უფროსზე, მას შემდეგ რაც მას ცოტა ფეხი დაუცდა, კრიტიკა დავიწყო. ეს არაჯენტლმენური საქციელია. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ამით მან უფრო მეტი შეურაცხყოფა კვირიკაშვილს კი არა, პარლამენტს მიაყენა. პარლამენტი სულაც არ არის ვალდებული, პრემიერის დაკრულზე იცეკვოს, პირიქით, პარლამენტი იმისთვის არსებობს, კანონები მიიღოს. ამერიკაში კონგრესი კანონებს იღებს და ტრამპი სულ გაცოფებულია.
ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში რა ხდება. კვირიკაშვილის მოხსნის რეალური მიზეზიც არ ვიცით. ერთი მხრივ ამბობენ, რომ ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა და მეორე მხრივ ამბობენ, რომ ეს გაზრდილი პროცენტები ხალხთან არ მივიდა.
"მ.კ": თუმცა, არაოფიციალურად ითქვა, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილს სამინისტროებში არსებული კორუფციის გამო დაუპირისპირდა...
ს.ც: ეს არაოფიციალურია. სანამ სასამართლო არ ბრძანებს, ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით. ვიცით, რომ ქუმსიშვილი და ალავიძე დაიბარეს პროკურატურაში. გამოძიება ბევრი დაწყებულა, მაგრამ მთავარია, რითი დამთავრებულა. ვნახოთ, შეიძლება, ყოფილ მინისტრებს ცოტა მშფოთვარე დღეები აჩვენონ, პატარა შიში აჭამონ და გამოძიებამ დანაშაული არ ან ვერ დაამტკიცოს.
"მ.კ": რაც ახლა კვირიკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ხდება, ეს რისი მანიშნებელია?
ს.ც: ორი სიტყვით, ეს არის არასწორი საკადრო სელექციის ბრალი. 30 წელია, საქართველოში პროფესიონალიზმს ყოველთვის თავში ურტყამს პირადი ერთგულება.