ჰელსინკის სამიტიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა და ტრამპი-პუტინის შეხვედრის მეორე რაუნდისთვის მზადება უკვე დაიწყო, რომელიც შემოდგომაზე ვაშინგტონში გაიმართება. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი სარა სანდერსი ავრცელებს.
"აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწე ჯონ ბოლტონს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში მიწვევა დაავალა. მხარეებს შორის ამ საკითხის განხილვა უკვე მიმდინარეობს. პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტონს ამ წლის შემოდგომაზე ეწვევა. აშშ დათანხმდა დიალოგს სამუშაო დონეზე ორივე ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს მეშვეობით. ეს დიალოგი გრძელდება", - აცხადებს სარა სანდერსი.
ტრამპი-პუტინის შეხვედრის მეორე რაუნდთან დაკავშირებით, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ, მიუხედავად პესიმიზმისა, ტრამპი-პუტინის პირველი ოფიციალური შეხვედრა მარტო ხელის ჩამორთმევის დონეზე არ ყოფილა და ჰელსინკის სამიტიდან ერთ კვირაში პროცესის ასეთი პროგრესი იმაზე მიანიშნებს, რომ ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, ტრამპი-პუტინის ჰელსინკის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით თავისი საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს ამერიკის კონგრესს, რომელმაც შეიძლება, სერიოზული კორექტივები შეიტანოს ტრამპსა და პუტინს შორის შემდგარ რაიმე საეჭვო ხასიათის გარიგებაზე, თუკი ასეთის არსებობა დამტკიცდება, ამიტომ დღეს საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ხანგრძლივი პროცესის დასაწყისზე.
"ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ დასავლელ ექსპერტთა პესიმისტური პროგნოზები უმთავრესად გამართლდა. მართალია, ჯერ ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ორსაათიანი საუბრის შინაარსი, არ არის ცნობილი, რაზე შეთანხმდნენ, რაზე დაიყოლია პუტინმა ტრამპი და რაზე ვერ დაიყოლია,ნ ამიტომ ძირითადი კომენტარები კეთდება პრესკონფერენციის ანალიზის საფუძველზე. აქ უკვე საერთო აზრით, პუტინი გაცილებით კომპეტენტურად გამოიყურებოდა, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი.
უკვე თითქმის ერთი კვირა გავიდა შეხვედრიდან და ამერიკაში არ წყდება კრიტიკის ქარიშხალი. რა ეპითეტებით არ ამკობენ პრეზიდენტს: "მოღალატეთი" დაწყებული და "არაკომპეტენტურით" დამთავრებული. თუმცა საინტერესო მაინც ერთი გარემოებაა, მიუხედავად ასეთი კომენტარებისა და საფუძვლიანი კრიტიკისა, ტრამპი კვლავინდებურად მაღალი რეიტინგით სარგებლობს როგორც საკუთარ პარტიაში, ასევე - ტრადიციულ მომხრეებში.
რაც შეეხება ტრამპი-პუტინის მოსალოდნელ ახალ შეხვედრას შემოდგომაზე ვაშინგტონში. ამის თაობაზე ოფიციალურად განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივნმა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს, დღეს საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ხანგრძლივი პროცესის დასაწყისზე და საბოლოო დასკვნისთვის უნდა ველოდოთ შუალედურ არჩევნებს, როდესაც მთელი ამერიკა და არა მხოლოდ ტრამპის მომხრეები შეაფასებენ საკუთარი პრეზიდენტის "ცხელ დიპლომატიურ ზაფხულს", დაწყებული ჩრდილოეთ კორეის დიქტატორთან შეხვედრით და დამთავრებული რუსეთის პრეზიდენტთან სამიტით.
კიდევ ერთი მომენტი - თავისი საბოლოო სიტყვა არ უთქვამს ამერიკის კონგრესს, რომელმაც შეიძლება, სერიოზული კორექტივები შეიტანოს ტრამპსა და პუტინს შორის შემდგარ რაიმე საეჭვო ხასიათის გარიგებებში, თუკი ასეთის არსებობა დამტკიცდება", - განაცხადა "მთელ კვირასთნ" სოსო ცინცაძემ.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, პირველი შეხვედრა არ იქნებოდა გადამწყვეტი და მხარეებმა მხოლოდ პოზიციები მოსინჯეს, გაიარეს ის თემები, რომლებზეც ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები.
"პირველი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ დაიწყოს მოლაპარაკებათა შემდგომი რაუნდები, რომლებზეც ორივე მხარეს უფრო მკაფიოდ ექნება ჩამოყალიბებული პოზიციები და საერთოდ, არსებობს თუ არა კომპრომისები იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ორივე მხარის ინტერესებში შედის. რა თქმა უნდა ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება და დიდი დროც დასჭირდება.
იმ შემხთვევაში, თუ გამოიკვეთა, რომ მათი ინტერესები არ ემთხვევა და პუტინი მოლაპარაკებებზე არ მოდის, ტრამპმა შეიძლება, საერთოდ გული აიცრუოს, ამიტომაც თქვა, რომ თუ ვერ შევთანხმდებით, მე ვიქნები პუტინის პირველი მტერიო. ტრამპი ჯერჯერობით ცდილობს, როგორმე რუსეთი წაიყვანოს მოლაპარაკებებზე. ჯერ არის მხოლოდ კეთილი სურვილები და სიტყვები, შემდეგ კი შეიძლება, პირიქით მოხდეს, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბოს", - განაცხადა "მთელ კვირასთნ" კორნელი კაკაჩიამ.
"ტრამპი-პუტინის შეხვედრა შედგა, მაგრამ რა ილაპარაკეს დახურულ კარს მიღმა, უცნობია. შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია სასიამოვნო მოსასმენი არ იყო, არანიარი კრიტიკა ტრამპს რუსეთის მიმართ არ გამოუთქვამს. არ ყოფილა საუბარი არც უკრაინაზე და არაც საქართველოზე. ამიტომ, თუ ამ შეხვედრით ვიმსჯელებთ, ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთს დაუთმო ყველაფერი. მეორე მხრივ, ჰელსინკის შეხვედრამდე იყო ნატო-ს სამიტი, რომელიც სულ სხვა რამეზე მიუთითებს: ნატო ძალიან კრიტიკული იყო რუსეთთან მიმართებაში და ამ დეკლარაციას ხელი ტრამპმაც მოაწერა.
"რამდენად გადამწყვეტი იქნება მეორე შეხვედრა, მალე გავიგებთ, რადგან შემოდგომაზე გაიმართება ტრამპი-პუტინის მეორე ოფიციალური შეხვედრა. დღეს კი, როგორც ჩანს, ტრამპისთვის პრიორიტეტი არის რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა და რომ რუსეთის გარიყვა არ შეიძლება. უკრაინა და საქართველო ტრამპისთვის ალბათ დარჩება მეორეხარისხოვან საკითხად", - განაცხადა "მთელ კვირასთან" კახა გოგოლაშვილმა.