სროლა ფოთში - მამაკაცს, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა. თავის არეში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელი ქურდობის ფაქტის დროს, დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. უწყების ინფორმაციითვე, სწორედ ამის შემდეგ განახორციელა პოლიციელმა გასროლა.
„მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს.
პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს ანცხადებაში.
ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმინარეობს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.