რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაზე შექმნილი დროებთი საგამოძიებო კომისიის წევრის ოთარ კახიძის განცხდებით, საქმის მასალებში არსებობს ძალიან შთამბეჭდავი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს თანამონაწილეობა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში.

ოთარ კახიძის განცხადებით, დადგენილი ფაქტი, რომ როდესაც დავით სარალიძეს 12 ჭრილობას აყენებდნენ იმ დროს მ.კ. ფარდულში იმყოფებოდა.

"არსებობს მ.კ.-ს მიერ 2 დეკემბერს მიცემული ჩვენება, სადაც ამბობს, რომ სარალიძეს ურტყამდა მუშტს. 3 დეკემბერსაც ამას ადასტურებს. 23 დეკემბერს ამბობს, რომ ის ეხმარებოდა დანით შეიარაღებულ გ.ჯ.-ს და რამდენჯერმე ურტყამს მუშტს სახეში დავით სარალიძეს. ამბობს, რომ დააფიქსირა დავით სარალიძის შენელების მომენტი და იმას, რომ სარალიძე ვეღარ აქტიურობდა. თქვენ ამ მომენტში გაქვთ მტკიცებულებათა სრული ერთობლიობა მ.კ.-ს მიმართ, რომ წაუყენოთ ბრალი როგორც მკვლელობაში თანამონაწილეს.

„როცა საქმეზე მუშაობა დავიწყეთ, დავალაგეთ მტკიცებულებები სხვადასხვა ფიგურანტების მიმართ და აღმოჩნდა, რომ არსებობს შთამბეჭდავი ერთობლიობა მტკიცებულებების, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მ.კ. ჩხუბის დაწყებიდან ჩხუბის ბოლომდე იმყოფება ფარდულში დავით სარალიძესთან ერთად. დადგენილი ფაქტია, რომ როცა მ.კ. იმყოფება ფარდულში, ამ დროს დავით სარალიძეს აყენებენ 12 ჭრილობას. დადგენილი ფაქტია მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით, რომ მ.კ. არის პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტში დავით სარალიძესთან, ცდილობს მის დამორჩილებას და გამოქაჩვას, ამავე დროს მუშტებს ურტყამს მოკლულს. ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა გაქვთ საქმეში. გ.ბ.-ს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გაქვთ და ბრალი წაუყენეთ და მ.კ.-ს რატომ არ წაუყენეთ ბრალი? მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ მ.კ.-ს დანით მკვლელობაში წაგეყენებინათ ბრალი, მე გეკითხებით, რატომ არ წაუყენეთ ბრალი თანამონაწილეობისთვის?", - მიმართა ყოფილ პროკურორებს ოთარ კახიძემ.

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის ყოფილ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს და მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი გაბოძეს უსმენენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×