სომხეთი აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს ნატოს მრავალეროვან სამხედრო წვერთნებში, რომელიც უკვე მეოთხე წელია საქართველოში ტარდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 1-15 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018" (Noble Partner) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ნორვეგია, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, თურქეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, უკრაინა, პოლონეთი და ლიეტუვა.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სამხედრო წვრთნებში სომხეთის მონაწილეობა არ არის გასაკვირი, რადგან ამ წვერთნებში მონაწილეობის მიღება ყველა პარტნიორ ქვეყანას შეუძლია.
ჯამში წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 13 ქვეყნიდან წარმოდგენილი 3 ათასი სამხედრო. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.
წლევანდელი სწავლების მთავარი მიზანია სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. 2018 წლის 1 აგვისტოს საქართველოში, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გასამართი სამხედრო სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია".
მაისაიას თქმით, ამ შემთხევეაში სომხეთის საგარეო პოლიტიკს შეცვლაზე საუბარიც კი ზედმეტია, საქართველოში გამართულ წვრთნებში სომხეთი მონაწილეობს, როგორც პარტნიორი ქვეყანა.
"ეს წვრთნები არის ნატოს პარტნიორების ეგედით გამართული. აქ შეიძლება, რომ ნებისმიერმა პარტნიორმა მიიღოს მონაწილეობა. ასე, რომ ამ შემთხვევაში სომხეთი არაფერს არ კარგავს. სომხეთის საგარეო პოლიტიკის შეცვლაზე არანაირად არ არის საუბარი.
" სომხეთი, როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყანა, იღებს მონაწილეობას ამ წვრთებში, ვიმეორებ-როგორც პარტნიორი სახელმწიფო. ეს არაფერს არ გამოიწვევს, რადგან სომხეთის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა ამჯერად უცვლელია და პრორუსულ შინაარსს ატარებს. ამ წვრთნებში, თეორიულად, რუსეთსაც და მაგალითად ბელორუსიასაც შეუძლია მონაწილეობის მიღება", - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, იქამდე, სანამ სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე ან პარტნიორობის გარდა რაიმე სახის სხვა ურთიერთობებზე საუბარი უშედეგო იქნება:
"საქმე ისაა, რომ სანამ არ მოხდება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა სომხეთიდან, იქამდე ნატო-ში გაწევრიანებაზე მსჯელობა არარეალური და ფანტასტიურია. უბრალოდ, სომხეთი არის სხვა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი, რომელიც ნატო-ს მოწინააღმდეგეა და სანამ სომხეთი არ გამოვა ამ ბლოკიდან, არაფერი არ გამოუვა ნატოსთან."
"სწორედ ამიტომ უზბეკეთი გამოვიდა იმ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკიდან, რომელშიც ახლა სომხეთია. მართალია, შემდეგ ნატო-ში არ შესულა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად, უზბეკეთს ნატოში გაწევრიანების მეტი შანსი აქვს, ვიდრე სომხეთს."-ამბობს ექსპერტი.
მაისაია მიიჩნევს, რომ სომხეთის მონაწილეობა სამხედრო წვრთნებში რეგიონში არსებულ ვითარებაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს:
"ბუნებრივია, რომ რეგიონში არსებულ ვითარებაზე ამ ფაქტს არანაირი ზეგავლენა არ ექნება, რადგან სამხრეთ კავკასიის არცერთი რესპუბლიკა, საქართველოს გარდა, არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას. მაგალითად, აზერბაიჯანს ეს საკითხი ისედაც არ აინტერესებს, რადგან მისთვის მთავარია თავისი პოლიტიკური რეჟიმის შენარჩუნება გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა არის ავტორიტარული და აზერბაიჯანში ჰიბრიდულ-დემოკრატიული რეჟიმია. შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ ადარდებს და არ აინტერესებს."
"სომხეთს გააჩნია თავისი უსაფრთხოების დინება. ის დაპირისპირებულია არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ თურქეთთანაც, რომელიც, როგორც ვიცით, ნატო-ს წევრი ქვეყანაა, შესაბამისად სომხეთი ვერ შევა ნატო-ში გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნები ერთმანეთს მტრებად მოიხსენიებენ."-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გავრცელებული ინფორმაციით სომხეთი აპირებდა მონაწილეობის მიღებას საქართველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში, თუმცა სწავლების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ქვეყანამ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ არტაკ ზაკარიანმა განაცხადა, რომ ოფიციალურად სომხეთს არ განუცხადებია, რომ წვრთნებში აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას და, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში სომხეთის გარდა არავინ ჩარეულა და არანაირი პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია.