(რეზონანსი) ფოთში, პოლიციელის მიერ დაკავებისას მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია - ის 1998 წელს დაბადებული ნაზიმ გუზანოვია, 20 წლის მამაკაცი წარსულში რამდენიმეჯერ ნასამართლევია.
ამ წლის 26 მაისს გუზანოვს, „თიბისი ფეის" ჩასარიცხი აპარატის ჯგუფურად ქურდობის მცდელობის გამო აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა, თუმცა, მოგვიანებით, გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა.
მანამდე კი, მას საგამოძიებო უწყება 2016 წელს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას, ასევე მარიხუანის მოხმარებასაც ედავებოდა.
ნაზიმ გუზანოვი გვიან ღამით, ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას ცდილობდა, რა დროსაც მისი დაკავება პოლიციამ სცადა.
არსებული ინფორმაციით, ნაზომოვი პოლიციას არ დაემორჩილა და სამართალდამცველს ჩაქუჩი ჩაარტყა, რასაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. ნაზიმოვი თავის არეში მიყენებული ჭრილობით ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.