საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები კვირის ბოლოს დასრულდება.
კობახიძის თქმით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, რა სახით მიიღებს მონაწილეობას მმართველი პარტია არჩევნებში.
„სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია რა სახით ვმონაწილეობთ არჩევნებში," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად ივანიშვილს არ აქვს პრეზიდენტობის სურვილი.
„ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს მონაწილეობის სურვილი," - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილი განიხილებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. თუმცა, დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით „ქართული ოცნების" კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ არის.
მმართველი პარტიისგან განსახვახებით, საპრეზიდენტო კანდიდატი ოპოზიციამ უკვე წარადგინა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, „ევროპული საქართველოსი" კი დავით ბაქრაძე.