(რეზონანსი) უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართმსაჯულებას და მომიწევს, ჩემი უდანაშაულობა ევროპულ სასამართლოში დავამტკიცო, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა მსახიობმა, გიორგი გიორგანაშვილმა „ბახალამ" ციხიდან განცხადება საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა.
მსახიობის თქმით, სასამართლომ მისი უფლებები „ფეხებზე დაიკიდა და ის ციხეში გამოკეტა". „ბახალას" თქმით, მის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ტანსაცმელში ინახავდა.
მსახიობის თქმით, მისი წინააღმდეგ აღძრული ორი საქმე ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.
"ნებისმიერი საღი აზრის ადამიანს გაუჩნდებოდა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: თუ ნარკოტიკები რეანიმობილით, შენიღბულად შემომქონდა საქართველოში 45 აბს ტანსაცმელში რატომ ვინახავდი და თუ ნარკოტიკები ტანსაცმლით შემომქონდა, რეანიმობილი რაში მჭირდებოდა?", - წერს მსახიობი.
გიორგანაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს „თავის დახრას უსამართლო სისტემის წინაშე". ბახალა მიიჩნევს, რომ „ჩამდენ პოლიციელთა ქმედებებს ზურგს სასამართლო უმაგრებს".
„არ ვაპირებ გაჩერებას და თავის დახრას იმ უსამართლო სისტემის წინაშე, რომელმაც ჩემს მსგავსად უამრავი ადამიანი გაწირა და დამნაშავედ აქცია. გვინახავს ისეთი საქმეები სადაც ადამიანები სისტემას გადაურჩნენ, თუმცა არასოდეს გვინახავს დასჯილი პოლიციელები და მათ წინააღმდეგ ბოლომდე მიყვანილი საქმეები. ამ მახინჯი „პოლიციური სამართლის" შემოქმედი მხოლოდ შსს და პროკურატურა არ არის. ჩამდებ პოლიციელთა ქმედებებს სასამართლო უმაგრებს ზურგს.
„არავის გთხოვთ ბრმად მენდოთ და სიტყვაზე დამიჯეროთ, უბრალოდ თვალები გაახილეთ, გაანალიზეთ ფაქტები და კარგად დააკვირდით პროცესებს. ჩემს მიმართ წამოწყებული ამ ბინძური კამპანიით პოლიციური სისტემა შეეცადა საზოგადოებრივი აზრის მათ სასარგებლოდ ფორმირებას. მათ შორის იმ ადამიანებზე ცდილობდნენ გავლენის მოხდენას, ვინც ჩემს მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გააპროტესტა", - წერს მსახიობი.