(რეზონანსი) NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, საქართველოში, ბოლო წლებში, საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია, -ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წევრებმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დღეს გამართული შეხვედრისას განაცხადეს.
დელეგაცია საქართველოს წინასაარჩევნო პროცესების შესაფასებლად სტუმრობს. მხარეებმა ქვეყანაში არსებული გარემო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს.
შეხვედრისას, ითქვა, რომ საქართველომ როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და მაღალი დემოკრატიული სტანდარტები აჩვენა, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ხარისხობრივად მაღალ დონეზე აიყვანა წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების სტანდარტები და თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩაატარა.
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია დღეიდან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისის, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობებისა და, ზოგადად, საარჩევნო გარემოს შეაფასებას იწყებს, რის შემდეგაც, 27 ივლისს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.