ნუკრი ქანთარია თვლის, რომ პარტიიდან ვინმეს გარიცხვა ძალიან ცუდი ამბავია
ეკატერინე ბასილაია
24.07.2018

 "დათომ (ჭიჭინაძემ) ისიც განაცხადა, რომ 2012 წელს ჩემ გვერდით იდგა და მეხმარებოდა არჩევნების დროს, მაგრამ მე არ მახსოვს, არც შტაბში და არც შეხვედრებში.

"გადავამოწმე კიდეც შტაბის მაშინდელ უფროსთან, თავიდან ხომ არ ამომივარდა-მეთქი და ნამდვილად არ იყო ჩემ გვერდით. ახლა რა მოხდა, არ ვიცი. რას ამბობს დათო - ერთია, რას ამბობს სამდივნო - მეორე და არ მინდა, ამაში ვიყო ჩარეული", - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია და დასძენს, რომ მართალია, ჭიჭინაძის გამონათქვამები მაღალი დიპლომატიით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მას პარტიიდან გარიცხვის ამბავი ტელევიზიით არ უნდა გაეგო: "ახლა 5 კაცს ასე გადაეწყვიტა, არ არის კარგი".

"რეზონანსი": "ქართული ოცნების" 5-წევრიანმა სამდივნომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა, თუმცა ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აცხადებენ, რომ პროცედურულად პოლიტსაბჭოს გარეშე წევრს ვერავინ გარიცხავს. ჭიჭინაძე გარიცხულია უკვე თუ ჯერ ისევ არის პარტიის წევრი?

ნუკრი ქანთარია: დეტალები არ ვიცი. საერთოდ, ძალიან ცუდი ამბავია პარტიიდან ვინმეს გარიცხვა. როდესაც შეუსაბამობა რაღაც ზღვარს სცილდება პარტიის წევრსა და პოლიტსაბჭოს ბირთვს შორის, სჯობს, საკითხი დაუყენონ ასე - ან თავად დატოვოს პარტია, ან შეცვალოს განცხადებები. ახლა აქ როგორ მოხდა, არ ვიცი.

წესით, ეს ყველაფერი პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია. პარტიაში მიღება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ხდება და ალბათ, გარიცხვაც.

"რ": თქვენი პოზიცია როგორია, უნდა გარიცხულიყო ჭიჭინაძე თუ ჯერ რაღაც საყვედური მიეცათ და განეხილათ საკითხი?

ნ.ქ: მე ვფიქრობ, რომ გარიცხვა ცუდია. რაღაც შეუსაბამობა იყო, დათო თავის გამონათქვამებში მაღალი დიპლომატიით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ან ასეთი ხასიათი ჰქონდა, ან იმ თავისი ამომრჩევლების შენარჩუნების მიზნით, რომლებიც "ქართულ ოცნებას" უკვე დაშორდნენ და ავლაბარში არიან ასეთები, ავლაბარი ჩემი ყოფილი სამაჟორიტაროა და ვიცი, რომ ასეა, ამიტომ შესაძლოა, მართლაც ამის გამო იყო ასე კრიტიკული.

ფაქტია ის, რომ ეს ამბავი ჭიჭინაძეს ტელევიზიით არ უნდა გაეგო. რამდენადაც ვიცი, ტელევიზიით გაიგო და ეს არ გამოვა. ახლა 5 კაცს ასე გადაეწყვიტა, არ არის კარგი. სჯობდა დაეძახათ, ეთქვათ და გაერკვიათ.

პოლიტსაბჭოს ეს შემადგენლობა ყრილობის შემდეგ არის არჩეული, მოსწონს ვინმეს თუ არა და ისინი უფლებამოსილები არიან, განიხილონ პარტიაში მიმდინარე საკითხები, მათ შორის - შეუსაბამობებიც.

შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება გარიცხვაზეც, საყვედურზეც, შენიშვნაზეც და ათასი რამ. პარტიის სამდივნოს რა უფლება აქვს, არ ვიცი. არ ვიცი, რამე დებულება თუ შევიდა.

სამდივნოში ყველას რაღაც მიმართულება აქვს, ზოგს საერთაშორისო ურთიერთობები აქვს, ზოგს - რეგიონალური და ზოგს - სხვა. ადრე საერთოდ არ გვყავდა მდივანი. შემდეგ გენერალური მდივანი დაემატა, შემდეგ - აღმასრულებელი და ახლა წევრებიც ჰყავთ.

სულ ხუთნი არიან და ეს 5 კაცი უფლებამოსილია თუ არა, წევრი გარიცხოს, არ ვიცი. ალბათ, პოლიტსაბჭოს მისცა ამის უფლებამოსილება, თუმცა ეს არ ვიცი. 2-3 კვირაა, ამ პროცესებში არ ვარ ჩართული.

"რ": უმრავლესობის ფორმატში ამ საკითხის განხილვას დეპუტატები არ მოითხოვთ?

ნ.ქ: ეს საკითხი, ალბათ, უნდა დადგეს, რა პროცესებთან გაქვს საქმე, ის, რომ ტელევიზიიდან არ იგებდეს ადამიანი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას ან მანამდე შენიშვნა-გაფრთხილება მიეცეს. არ ვიცი, წინასწარ იყო თუ არა განხილვა და შენიშვნის მიცემა.

პირადად ჩემთან არასდროს ყოფილა შენიშვნა. დათომ ისიც განაცხადა, რომ 2012 წელს ჩემ გვერდით იდგა და მეხმარებოდა არჩევნების დროს, მაგრამ მე არ მახსოვს, არც შტაბში და არც შეხვედრებში.

გადავამოწმე კიდევაც შტაბის მაშინდელ უფროსთან, თავიდან ხომ არ ამომივარდა-მეთქი და ნამდვილად არ იყო ჩემ გვერდით. შეიძლება, შორიდან მხარს მიჭერდა, ამაში დარწმუნებულიც ვარ, მაგრამ უთქვამს, რომ გვერდში მედგა და მე რომ არ ვყოფილიყავი ავლაბარში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, თვითონ იყრიდა კენჭს, ასეთი არ ყოფილა. მითხრეს, რომ ამდაგვარი რამ უთქვამს.

ახლა რა მოხდა, არ ვიცი. რას ამბობს დათო - ერთია, რას ამბობს სამდივნო - მეორე და არ მინდა, ამაში ვიყო ჩარეული.

"რ": თქვენ დაუჭერდით ჭიჭინაძის გარიცხვას მხარს?

ნ.ქ: პოლიტსაბჭო არ ვარ და ამას ვერ გადავწყვეტდი. ფრაქცია კი თავისთავად აკეთებს იმას, რასაც პოლიტსაბჭო წყვეტს და კენჭისყრაზე არ დგება ეს. ისიც კი არ ვიცი, რა პროცესები წავა.

როგორც ვიცი, გედი (ფოფხაძე) ამბობს, რომ უნდა, შუამავალი გახდეს. ესეც არ ვიცი. კაცს, რომელმაც ტელევიზიიდან გაიგო, რომ გარიცხეს, რამდენად უნდა სურდეს, რომ დაბრუნდეს პარტიაში?! ვინ რა პრინციპით მოქმედებს, ძნელია ამაზე საუბარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×