"ქართული ოცნებიდან" დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გამო უმრავლესობის შიგნით უკმაყოფილებაა და რამდენიმე დეპუტატი აცხადებს იმას, რომ მიუღებელი იყო გარიცხვის ფორმაც, როდესაც ჭიჭინაძემ ტელევიზიით შეიტყო ეს ამბავი და ასევე თავად პროცედურაც, როდესაც პარტიაში საკითხის განხილვისა და კონსულტაციის გარეშე მხოლოდ სამდივნოს 5-მა წევრმა მიიღო გარიცხვის გადაწყვეტილება.
"ოცნების" დეპუტატების ნაწილი ჭიჭინაძეს ურჩევს, რომ მან ეს საკითხი პოლიტსაბჭოში აუცილებლად გაასაჩივროს. ზოგადად, "ქართული ოცნების" წევრთა ერთი ნაწილი თავს არიდებს, საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რამდენად სწორი იყო ჭიჭინაძის გარიცხვა ისე, რომ შერისხულ დეპუტატს არც საყვედური გამოცხადებია და არც ფრაქციის შიგნით განხილულა მისი გაგდების საკითხი.
თუმცა რამდენიმე დეპუტატი არ მალავს, რომ გარიცხვის ეს ფორმა "სწორი" და "მისაღები" არ იყო. დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ის თავს პარტიიდან გარიცხულად არ თვლის და პარტიის სამდივნოს 5 წევრის გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში გაასაჩივრებს.
"მე "ქართული ოცნების" წევრი ვარ, მისი დროშის ფონზე გამოვდივარ დღეს და გამოვალ ხვალაც. მე არ ვთვლი, რომ ვიღაცის, 5 კაცის გასარიცხი ვარ. ველოდები ფოფხაძეს, დღეს თბილისში არ არის, ჩამოვა, გავივლი კონსულტაციას და მივმართავ პოლიტსაბჭოს. პოლიტსაბჭოს გარდა არის კიდევ უმრავლესობა და უმრავლესობასაც მივმართავ.
"პარტიიდან გარიცხვა ასე არ ხდება, მთელი ეტაპებია. არა მარტო პოლიტსაბჭოს, არამედ მთლიან ყრილობასაც კი შეგიძლია, მიმართო", - ამბობს "რეზონანსთან" ჭიჭინაძე.
გედევან ფოფხაძის გარდა ჭიჭინაძის გარიცხვის გამო უკმაყოფილოა და შერისხული დეპუტატის გვერდით დგომას აპირებს ლევან კობერიძე. მისი თქმით, გარიცხვის ასეთი ფორმა მისთვის მიუღებელია.
"ჩემთვის სამდივნოს წესები გასაგებია, რომ მინიჭებული აქვთ საკითხის ასე დაყენების უფლება, თუმცა ფორმა ჩემთვის მისაღები არ არის. ჩემთვის მისაღებია ფორმა, როდესაც ჯერ პარტიის შიგნით, გუნდის შიგნით ხდება მსჯელობა.
"თუკი ამ ადამიანთან მიმართებაში რამე პრეტენზია იყო, პირველ რიგში, გასაუბრება უნდა მომხდარიყო და იმ პირებს, ვისაც პრეტენზია ჰქონდათ, აეხსნათ მისთვის ეს პრეტენზია. მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ამდენად, ასეთი ფორმა ჩემთვის მიუღებელია", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ლევან კობერიძე.
ცნობისათვის, "ქართული ოცნების" ოფიციალურ ვებ-გვერდზე 18 ივლისს გავრცელდა განცხადება, რომ სამდივნომ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად დასახელდა ჭიჭინაძის მიერ გაკეთებული განცხადებებით თანაპარტიელების შეურაცხყოფა და ეთიკური და მორალური პრინციპების დარღვევა.
გარიცხვის გადაწყვეტილებას ხელს აწერს სამდივნოს 5-ვე წევრი: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი, თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი სამხარაძე.
ლევან კობერიძის თქმით, პროცედურულად არ არის სწორი, რომ პარტიის სამდივნოს 5-მა წევრმა გარიცხოს ადამიანი, სამდივნოს მხოლოდ ამ საკითხის დაყენება შეუძლია და ეს შემდეგ პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს.
"საუბარია იმაზე, რომ გამგეობის წევრმა 5-მა კაცმა დააყენა ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხი, შესაბამისად, ამას შემდგომი პროცედურები უნდა მოჰყვეს. ასე ავტომატურად პარტიიდან წევრის გარიცხვა ვერ მოხდება, ამიტომ გადაწყვეტილი არ არის, რომ ჭიჭინაძე გარიცხულია.
"შესაბამისად, უნდა იყოს პოლიტსაბჭოს სხდომა, სხდომის შემდეგ პარტიის ყრილობაზე უნდა მოხდეს ამ საკითხის დაყენება და პარტიის წევრებმა უნდა უყარონ ამ გადაწყვეტილებას კენჭი. იგივე ადამიანები თუ გადაწყვეტენ, რომ უმრავლესობიდანაც უნდა მოხდეს ჭიჭინაძის გარიცხვა, ეს საკითხი უნდა დააყენონ უმრავლესობაში და კენჭისყრის შემდეგ გადაწყდეს.
"ჯერჯერობით, დაყენებულია საკითხი დავით ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით. კარგი იქნება, თუ თვითონ გამგეობას დაუსვამთ შეკითხვას, პარტიის წევრის გარიცხვის პროცედურები როგორია. მე თუ რამე მეშლება, მათ თქვან ზუსტად, პროცედურული საკითხები როგორ არის", - ამბობს კობერიძე.
არც რევაზ არველაძეს მოსწონს, რომ ჭიჭინაძის საკითხი ფრაქციაში არ განხილულა.
"პარტიაში იყო თუ არა ჭიჭინაძის საკითხის განხილვა, არ ვიცი, ფრაქციაში არ ყოფილა. თუ პარტიის წესდებას შეხედავთ, უფლება ჰქონდათ, გარიცხვის საკითხი განეხილათ და გადაწყვეტილება მიეღოთ, მაგრამ მე მაინც ჯერ ფრაქციაში, შემდეგ უმრავლესობაში განვიხილავდი და შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას", - ამბობს არველაძე.