"მის ადგილას მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში და დასრულდებოდა საუბრები ჩრდილოვან მმართველობაზე, რაც კარგი არ არის ქვეყნისთვის"
ია აბულაშვილი
24.07.2018

 საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დასახელებულ კანდიდატებს შორის პრეზიდენტობა მარტო ბიძინა ივანიშვილს არ უნდა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდმარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, "ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს უახლოეს დღეებში გაივლის და ამის შემდეგ ჩამოყალიბდება, რა სახით მიიღებს მონაწილეობას.

დაუჭერს თუ არა "ოცნება" მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, გუნდში ეს საკითხი ჯერჯერობით არ განხილულა.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, ვინც მეტოქედ მხოლოდ მმართველი გუნდის კანდიდატს მიიჩნევს, ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" უფრო კონკურენტული კანდიდატის დასახელება მოუწევს.

საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რატომ ამბობს უარს ბიძინა ივანიშვილი, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, "რეზონანსი" ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სულ სხვადასხვა განზომილებაა; ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ თანამდებობასთან ერთად თან გაჰყვება თავისი მაღალი პირადი ავტორიტეტი, როგორც მმართველი პარტიის მამა დამფუძნებლის და მისი თანამდებობა შემოსილი იქნება თავისი მაღალი პირადი გავლენით.

"ჯერ ოფიციალურად საპრეზიდენტო კამპანია არ დაწყებულა, მაგრამ, წინასწარი პროგნოზით, ოპოზიციურმა პარტიებმა ყველამ ერთად შეიძლება ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 3-4% აიღოს, თუ გაუმართლებთ, შეიძლება - 5%-იც.

"რაც შეეხება დამოუკიდებელ სალომე ზურაბიშვილს, იგი პოლიტიკური ნულია, ამიტომ მისი მხრიდან, თუ მართლაც "ოცნება" მას ზურგს შეაქცევს, გონივრული იქნებოდა, თავისი კანდიდატურა მოეხსნა.

"მარგველაშვილის წინასაარჩევნო მანევრებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ პოლიტიკოსის ერთ-ერთი აუცილებელი საჭირო თვისება გახლავთ სწორედ ზუსტი მომენტის შერჩევა.

"არავინ არ ელოდა თავის დროზე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი კვლავ წამოაყენებდა საკუთარ კანდიდატურას მას შემდეგ, რაც მისმა "სოციალისტურმა პარტიამ" კატასტროფული კრახი განიცადა არჩევნებში.

"ასევე ჭიმავდა დროს მიტერანიც, რითაც მან მოადუნა პოტენციურ კანდიდატთა ყურადღება და სწორედ უკანასკნელ მომენტში წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა, როდესაც მისი მოწინაღმდეგენი აბსოლუტურად მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ პირადად მიტერანთან საბრძოლველად და მიტერანმა გაიმრაჯვა არჩევნებში.

"ე.ი. დამარცხებული პარტიის ლიდერი იმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს იყო პოლიტტექნოლოგიური მასტერკლასი და რატომ არ შეიძლება, ფრანგ კოლეგას მიბაძოს საქართველოს პრეზიდენტმა?

"მმართველი გუნდის რჩეულთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება მოვისმინეთ, ახლა საუბარია დავით სერგეენკოზე და არა მგონია, რომ უარგუმენტოდ პოპულარული მინისტრის გარეშე დატოვონ უაღრესად რთული და პრობლემური სამინისტრო. თუ ეს სამინისტრო ჯერ კიდევ არ ქცეულა საყოველთაო კრიტიკის ობიექტად, ამაში ლომის წილი სწორედ სერგეენკოს პიროვნებას მიუძღვის.

"ბიძინა ივანიშვილს რომ არ სურს პრეზიდენტობა, გასაკვირი სულაც არ არის, ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფუნქციოა და ეს დეკორაციული თანამდებობაა, თანაც, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილს თანამდებობასთან დაკავშირებული კეთილდღეობა არ აინტერსებს, თუნდაც იგივე - მაღალი პენსია.

"მაგრამ კითხვას, რად უნდა აწყობდეს? ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღება ბრალდებებს არაფორმალურ მმართველობაზე, მეორე მხრივ კი ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერ თანამდებობას თან გაჰყვება მისი მაღალი პირადი ავტორიტეტი და გავლენა", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

დავით ზურაბიშვილის თქმით, გამორიცხული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობის სურვილი ჰქონოდა, რადგან მას არ უყვარს საჯარო ფიგურად ყოფნა.

"ოპოზიციის ორივე კანდიდატს მხარს დაუჭერს ყოფილი ხელისუფლების ამომრჩეველი, რომელიც დაახლოებით 400 ათასია, თითოეული მათგანი რამდენ ხმას წამოიღებს ამ ელექტორატიდან, ეს არ ვიცი. იმ შემხთვევაში, თუ "ოცნება" სუსტ კანდიდატს დააყენებს, ორივე კანდიდატს აქვს შანსი, გავიდეს მეორე ტურში.

"მარგველაშვილს პრეზიდენტობა რომ არ უნდოდეს, აქამდე იტყოდა უარს. როგორც ჩანს, ელოდება, როდის დაასახელებს "ოცნება" თავის კანდიდატს.

"ოცნებას" გაუჭირდა კანდიდატის შერჩევა, ისეთს ვერ წამოაყენებდა, რომელსაც ხალხი არ იცნობს. ახალი კონსტიტუციით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ფუნქციები შეკვეცილია, მის ფუნქციებში შედის ურთიერთობა საერთაშორისო ასპარეზზე და ალბათ შესაფერის ტიპაჟს ეძებენ.

"ადრე კვირიკაშვილზე ამბობდნენ, ახლა სერგეენკოზე, მაგრამ სერგეენკო "ოცნების" ის მინისტრია, რომელსაც რაღაც რეიტინგი აქვს და მინისტრის რანგში მას უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე პრეზიდენტს ექნება.

"ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობა აბსოლუტურად გამორიცხული იყო, ყველამ იცის, რომ მას არ უყვარს საჯარო ფიგურად ყოფნა. ასე იყო მისი პრემიერობის დროს, შემდეგ იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო პარტიის თავმჯდომარედ, მაგრამ მაინც არ ჩნდება", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

არჩილ გამზარდია: იმის მიზეზად, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს, გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, შეიძლება დასახელდეს პირველი ის, რომ, საერთო ჯამში, იზრდება მისი ვალდებულებების სივრცე ან ოპონენტებთან ურთიერთობა მისთვის დისკომფორტის ზონა იყოს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიძლება დათანხმებულიყო, მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაფერი: ფინანსები, არის პარტიის დამფუძნებელი და ამჯერად მოქმედი თავმჯდომარე, იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თვითრეალიზაციის კუთხით, შეიძლება მისთვის საინტერესოც იყოს, პრეზიდენტის რანგში მოღვაწეობა და მისი პოლიტიკურ ბიოგრაფიაში კიდევ ერთი ფურცელი ჩაიწერება.

"მიუხედავად იმისა, რომ, ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებები იკვეცება, იგი მაინც რჩება ქვეყნის მეთაურად, რომელსაც პირდაპირი ურთიერთობა აქვს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებთან, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია;

"იმ შემთხვევაში, როცა არის კომფორტისა და დისკომფორტის ზონები, საინტერესოა, საით მიდის მისი სურვილი, რას გადაწყვეტს, რა ურჩევნია.

"მე რომ მის ადგილას ვიყო, მივიღებდი მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, ამით დასრულდებოდა ის საუბრებიც, რომლებიც ეხება ჩრდილოვან მმართველობას, რაც კარგი არ არის ქვეყნის იმიჯისთვის.

"თანაც დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ახალი კონსტიტუციის ფარგლებშიც კი მართლაც გავლენიანი პრეზიდენტი იქნება", - განაცხადა "რეზონანსთან" არჩილ გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×