რეზონანსი
24.07.2018

 საბერძნეთში ტყის ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა. ათენთან ახლოს მდებარე ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საბერძნეთი ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ევროპულ სახელმწიფოებს დახმარების თხოვნით მიმართავს.

სახანძრო სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სტიქიის სიძლიერიდან გამომდინარე, ათენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საჰაერო და სახმელეთო დახმარება სჭირდება. პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საბერძნეთის დედაქალაქთან, ტყის მასივზე გაჩენილი ხანძარი კონტროლს აღარ ექვემდებარება.

ათენთან ახლოს, ტყის მასივზე ხანძარმა უკვე გადაწვა სულ მცირე 100 შენობა და 200-მდე ავტომობილი. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, მთავრობამ სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია გასცა. სტიქიის ზონაში შეწყვეტილია საავტომობილო მიმოსვლა.

ცეცხლის ლოკალიზებას, სახანძრო სამსახურის 200-ზე მეტ თანამშრომლეთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეებიც ცდილობენ.

ქვეყანაში სტიქიის გამო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ბოსნიაში ოფიციალური ვიზიტი გააუქმა და სამშობლოში დაბრუნდა.

ტყის ხანძარი საბერძნეთში საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა ამ მომენტისთვის ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×