არასრულწლოვნების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა, განსაკუთრებით კი ქურდობამ და სხვადასხვა ობიექტების ძარცვამ ბოლო ხანს მასობრივი სახე მიიღო.
მაღაზიის მეპატრონეები სამართალდამცველებს დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ მოზარდების უკან ორგანიზებული სრულწლოვანების ჯგუფი დგას. მათი აზრით, მოზარდი გასაქურდად რომ შედის, შეიძლება რაც მოეწონება ის წაიღოს, ზემოხსენებულ შემთხვევებში კი ასე არ ხდება, ისინი მაღაზიებიდან და სხვადასხვა კომერციული ობიექტებიდან ისეთ ნივთებს იპარავენ, რომლის შესახებაც წესით მათ ამდენი ცოდნა და ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეთ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები საგანგაშოა. მათი ინფორმაციით, ყოველთვიურად იზრდება პასუხისგებაში მიცემული არასრულწლოვანთა რაოდენობა. იზრდება ბავშვების მხრიდან ქურდობის ჩადენის მაჩვენებელიც. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ყველაზე ხშირი დანაშაული ქურდობაა.
მონაცემების მიხედვით, წელს, მაისის თვეში 61 არასრულწლოვანი დააკავეს ქურდობისთვის. იმავე ბრალდებით გასული წლის მაისში 27 მოზარდი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.
ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ქურდობის მუხლით ასე გამოიყურება: 2018 წლის აპრილი - 46, 2017 წლის აპრილი - 16.
2018 წლის მარტი - 69, 2017 წლის მარტი - 20. 2018 წლის თებერვალი - 59, 2017 წლის თებერვალი - 8. 2018 წლის იანვარი - 47, 2017 წლის იანვარი - 18.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მაისში 14 მოზარდი გასამართლდა ქურდობისთვის, გასული წლის ამავე პერიოდში კი - 8.
„რეზონანსთან" მოზარდების გაზრდილ სტატისტიკაზე იურისტები და ბავშვთა ფსიქოლოგებიც საუბრობენ, რომელთა თქმითაც, მოზარდების ქურდობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა, ხოლო მათ მძიმე სოცილურ პირობებს, არ არის გამორიცხული, რომ კრიმინალური ელემენტები იყენებდნენ, რომლებიც ბავშვებს ქურდობისკენ ახალისებენ.
მათი თქმით, მოზარდები სიღარიბეში ცხოვრობენ და იურისტები აქცენტს გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაზეც აკეთებენ, საიდანაც ჩანს, რომ დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ბათუმში წერეთლისა და ჯორჯიაშვილის ქუჩების კვეთაზე 4 მაღაზია გაქურდეს. სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების თქმით, წაღებულია დიდი რაოდენობის თანხა, დაზიანებულია შესასვლელი კარები. მათივე თქმით, პოლიციამ უკვე შეისწავლა სავაჭრო ობიექტებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერები. მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე არასრულწლოვნები, რომლებიც შესაბამის პასუხიგებაში მიეცემიან.
მსგავსი ქურდობის ფაქტი ასევე, თბილისში 22 ივლისს მოხდა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია „ბეკოს" ერთ-ერთი ფილიალი არასრულწლოვნებმაა მესამედ გაქურდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმა არასრულწლოვანმა „ბეკოდან" მობილური ტელეფონები მოიპარა და მიიმალნენ. წაღებულია 15-მდე ტელეფონი. ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს.
ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ, ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.
„ბეკოს" გლდანის ფილიალი მიმდინარე წლის 10 ივლისს და 13 ივნისს გაქურდეს. ქურდებმა მაშინაც მობილური ტელეფონები წაიღეს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ძალაში 2016 წელს შევიდა. საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელია. ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან ეკისრება. 14 წლამდე ბავშვები კი პრევენციის სფეროს ნაწილია.
იურისტი გელა ნიკოლეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დაუშვებელია არსებული პრობლემის მოგვარება კანონში ცვლილებების შეტანით და არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში ასაკის დაწევით.
მისი აზრით, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს და სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. ნიკოლეიშვილი არასრულწლოვნების დანაშაულის მზარდი სტატისტიკის რამდენიმე მიზეზზე საუბრობს.
მისი თქმით, პირველ რიგში, ეს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია და ბავშვების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მშობლებს მათი რჩენა არ შეუძლია და ისინიც იძულებულები ხდებიან თავი ამ ფორმით ირჩინონ.
იურისტი არც იმას გამორიცხავს, რომ ასეთ მძიმე პირობებში მცხოვრებ ბავშვებს კრიმინალური ჯგუფები იყენებდნენ და მათ კონკრეტულ დავალებებს აძლევდნენ.
„არასრულწლოვნების კანონში ცვლილებები არაფერს მოგვცემს, ეს გამოსავალი არ არის. სამწუხაროდ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ამ კუთხით საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ამ შემთხვევაში პრობლემის მოგვარებაში წამყვანი როლი განათლების სისტემას და სოციალურ დაცვას ეკისრება.
"ამ სექტორებმა პრობლემის დროული იდენტიფიცირება უნდა შეძლონ. არ არის გამორიცხული, რომ ეს შეიძლება იყოს ძალადობა მოზარდების მიმართ ან თავად თანატოლებს შორის ძალადობა, ასევე მშობლების მხრიდან ბავშვების ინტერესების უგულველყოფა. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ეკონომიკურ ფაქტორებს ეკისრება. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მათი უმეტესობა კი შიმშილობს.
"რა თქმა უნდა, რომ არ არის გამორიცხული მათ უკან კრიმინალური დაჯგუფებები იდგეს, რომლებიც ბავშვებს ქურდობას ასწავლიან და ამ კუთხით მეტ ცოდნას აძლევენ. ბევრისგან მსმენია, რომ მოზარდებმა კარებების საკეტების გატეხვა ისწავლეს და ძარცვის დროს კარგად არჩევენ რა მოიპარონ, რომელი უფრო ღირებული ნივთია.
"ბავშვების პასუხისმგებლობის ნაცვლად არ არის გამორიცხული, რომ მათი მშობლების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. თუმცა სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ზოგს მშობელიც არ ჰყავს, ან თუ ჰყავს, ისინიც ამ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ " - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი „რეზონანსთან".
ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ მოზარდის ანტისოციალურ ქცევაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორისაა ოჯახი, საზოგადოება, სკოლა, მეგობრები. ყველა ეს ფაქტორი დანაშაულის გამომწვევი რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს. მათი განმარტებით, როდესაც არცერთი სახელმწიფო სისტემა ბავშვზე ორიენტირებული არ არის, იზრდება რისკი, რომ ბავშვი კანონთან კონფლიქტში მოვა.