უკუნტროლო სიტოაცია საბერძნეთში - ამ დოისთვის არსებული ინფორმაციით, ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა და 170-ზე მეტი დაშავდა. არსებობს ვარაუდი, რომ გარდაცვლილთა უმრავლესობა ბავშვია.
ათენთან ახლოს, ტყის მასივზე ხანძარმა უკვე გადაწვა სულ მცირე 100 შენობა და 200-მდე ავტომობილი. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, მთავრობამ სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია გასცა. სტიქიის ზონაში შეწყვეტილია საავტომობილო მიმოსვლა.
სამაშველო და ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში მეხანძრეების გარდა, ჩართული არიან სამხედროები და მოხალისეები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ვერტმფრენები.
საბერძნეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. ესპანეთმა საბერძნეთში ორი თვითმფრინავი უკვე გაგზავნა.
„ორი თვითმფრინავი-ამფიბია Canadair გაგზავნილია საბერძნეთში, რათა დაეხმაროს ტყის ხანძრის ჩაქრობაში",- განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, როგორც საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის იოსებ ნანობაშვილის განაცხადებით, ოჯახი ორ მოქალაქეს ვერ უკავშირდება. მისივე თქმით, ტყის ხანძრის შედეგად დილის მონაცემებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის ჰოსპიტალიზებულთა სიაში.
„დღეს დილის მონაცემებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზებულთა სიაში. ჩვენ დილითაც გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაგვიდასტურეს, რომ ასეთი მონაცემები ჯერ არ აქვთ. ცხელ ხაზზე 5 შეტყობინებაა შესული, სამ მოქალაქეს გაეწია დახმარება. ორი პირია, რომელსაც ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ ინტენსიურად ვეძებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძარი შედარებით ლოკალიზებულია და სიტუაციის გაუმჯობესების იმედია. ვიმოქმედებთ ვითარების შესაბამისად", - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა „ინტერპრესნიუსთან".
საქართველოს საელჩომ ცხელი ხაზი უკვე აამოქმედა. ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, მათ გუშინ ღამის განმავლობაში საქართველოს სამი მოქალაქე დაუკავშირდათ, რომელთაც გაეწიათ დახმარება. ერთი კი, საკონსულოს თანამშრომლებმა ხანძრის ზონიდან გამოიყვანეს.
„ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანაშრომლების მიერ ხანძრის ზონიდან გამოყვანილი იქნა.
მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელეთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე, რაზეც საქართველოს საელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხანძრის გაჩენის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება, რომლის გავრცელებასაც ქარმა შეუწყო ხელი.