საგანგებო მდგომარეობა საბერძნეთში და კატასტროფამდე მისული ქალაქი. ათენის გარეუბნები ცეცხლის ალშია გახვეული და ძლიერი ხანძრის ლოკალიზებას მაშველები ვერ ახერხებენ.
იმის მიუხედავად, რომ საბერძნეთს ოთხმა ქვეყანამ უკვე აღმოუჩინა დახმარება ხანძრის კერები მაინც ჩნდება. 50-მდე გარდაცვლილი და 100-მდე დაშავებული ადამიანები. რა სიტუაციაში არიან ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეები „რეზონანსი" ამის გასარკვევად, ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ესაუბრა.
მადლენა გელიაშვილი გვიყვება, რომ ათენში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, დაკარგულია 200-მდე ადამიანი, რომელთან დაკავშირებაც ვერ ხდება. გელიაშვილის თქმით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი საქართველოს მოქალაქეა დაკარგული, რომლის პოვნაც ვერ ხერხდება. მისი განცხადებით, ის უშალოდ იმ რაიონში ცხოვრობდა, სადაც ხანძრის გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია.
ემიგრანტი ამბობს, რომ სამი ქართველის გამოყვანა ჩვენი საკონსულოს თანამშრომლებმა შეძლეს. მისი განცხადებით, მდგომარეობა საგანგაშოა, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს არ გადაადგილდნენ იმ უბნებში, სადაც ხანძრის საშიშროებაა.
ამიტომ ისინი სახლებში არიან ჩაკეტილები და ქართველები ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტებიან. გელიაშვილი ამბობს, რომ სიტუაციას ძლიერი ქარი და სიცხე ართულებს. ქარის ამოვარდნის გამო, ხანძარი სახლებისკენ წავიდა, სადაც მოსახლეობაა ჩაკეტილი და მათი იქიდან გამოყვანა ვერ ხერხდება.
„საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. არ ვიცით რა იქნება, საბარძნეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გარეთ არ გამოვიდნენ. თუმცა ქარის ამოვარდნის გამო, ცეცხლი სახლებზე გადმოდის. არსებობს შიში, რომ ხანძარი კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე გავრცელდება. არ ვიცი ქართველები არიან თუ არა ცეცხლის ზონაში. როგორც ჩვენ ვიცით, ერთია დაკარგული და მისი ძებნა მიმდინარეობს.
"სამი ქართველი კი უშალოდ ცეცხლის ზონიდან ჩვენმა საკონსულოს თანამშრომლებმა გამოიყვანეს. დამწვარია დიდი ტერიტორია. ნახევარი ათენის გარშემო სახლებია განადგურებული. 200 კაცთან დაკავშირება ვერ ხერხდება, სადაც ცეცხლის ალია იქ ცხოვრობს ეს ადამიანები და მათთან კონტაქტი გაწყდა. ასეთი საშინელება არ გვინახია, ცოცხლად იწვება ხალხი.
"ვერ ახერხებენ მოსახლეობის გამოყვანას, მხოლოდ 750 კაცი ჰყავთ გამოყვანილი. 26 კაცი ტყეში დასასვენებლად იყო, დამწვრები იპოვეს. ათენში ზაფხულობით ტყეში ბევრი ადამიანი გადის დასასვენებლად, ეს არის კატასტროფა, ქალაქი ცეცხლის ალშია გახვეული. ქართველები ერთმანეთს ვეძებთ",-აცხადებს „რეზონანსთან" მადლენა გელიაშვილი.
ქართველი ემიგრანტები "რეზონანსთან" იმ ქალბატონის ვინაობას ასახელებენ, რომელთან დაკავშირებასაც ოჯახი ამ დრომდე ცდილობს. ეს არის მარინა მახარაშვილი, რომელიც მატში 86 წლის მოხუცს უვლიდა და მან ნათესავებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ის იმყოფებოდა იმ ზონაში სადაც ხანძარი იყო და მას საფრთხე ემუქრებოდა.
„რეზონანსთან" ქართველი ემიგრანტი ნანა გრძელიშვილი კი აცხადებს, რომ მარინა მახარაშვილი სამშვიდობოს მოხუცის ოჯახმა გაიყვანა და ის ბოლოს მან თავად ნახა. გრძელიშვილი ამბობს, რომ მას ტელეფონი თან არ ჰქონდა და ახლობლების ნომრებიც ზეპირად არ იცოდა, ამიტომაც მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. მან ის ბოლოს სანაპიროზე რაფინაში ნახა და უთხრა, რომ კარგად იყო და ტელეფონი დაუჯდა. ამიტომ ოჯახთან დაკავშირება ვეღარ შეძლო.
„როცა ყველაფერი ჩაცხრა და ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს მაშინ ვნახე მარინა სანაპიროზე რაფინაში. კარგად იყო, მითხრა, რომ ტელეფონი დაუჯდა და ახლობლებთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. ნომრები კი ზეპირად არ იცოდა. ყველა შოკში ვართ, მარინა მოხუცის ოჯახმა სამშვიდობოს გაიყვანა. დაუკავშირდება ოჯახსაც და მინდა დავამშვიდო ისინი, რომ კარგად არის", - აცხადებს „რეზონანსთან" ნანა გრძელიშვილი.
საბერძნეთში საქართველოს საელჩოში ადასტურებენ, რომ საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ. სამი ქართველი კი ცეცხლმოდებული ტყიდან გვიან ღამით გამოიყვანეს. საქართველოს საელჩო საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობაში მუშაობას.
ელჩი იოსებ ნანობაშვილი ამბობს, რომ ამ მომენტისთვის არ არის არცერთი დადასტურებული ცნობა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ან ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
„ვეძებთ ერთ ქალბატონს, რომელსაც ვერ უკავშირდება ოჯახი. სამი შეტყობინება შემოვიდა. სამივე გამოვარიდეთ ხანძრის ზონას და დავაბინავეთ, ამ მომენტისთვის საბედნიეროდ არ გვაქვს არცერთი დადასტურება არც გარდაცვალების და არც ჰოსპიტალიზაციის შესახებ"- ამბობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილი.
ათენის გარეუბანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ძლიერ ცეცხლს 50 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაიწვა ათეულობით საცხოვრებელი სახლი. ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. საბერძნეთის ხელისუფლება მოკავშირე ქვეყნებს დახმარებას სთხოვს.