(რეზონანსი) საბერძნეთში მყოფი ქართელი ემიგრანტების ინფორმაციით, ხანძარი ამ დრომდე აქტიურია და კვლავ სწრაფად ვრცელდება. როგორც AMBEBI.ge წერს, ემიგრანტების ნაწილი ხანძრის კერებთან ახლოს იმყოფება.
„ათენის გარშემო, სამი მხრიდან ხანძრის მასშტაბური კერები არ ცხრება. მე კატში ვცხოვრობ და მხოლოდ ამ ქალაქში, 5 ლოკალური ხანძარი მძვინვარებს, ვერ აქრობენ. ქუჩები, სახლის სახურავები, აივნები, ეზოები ფერფლით არის სავსე. გარშემო შავი კვამლია და ხალხი ვერ ხვდება საით გაიქცეს", - ჰყვება AMBEBI.ge-სთან ქართველი ემიგრანტი, ვანდა ვირსალაძე.
მისივე თქმით, მთელი ქალაქი სახანძრო მანქანებით არის სავსე, მაგრამ ქარი ძლიერდება რაც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს.
კიდევ ერთი ემიგრანტის თქმით, ხანძარი მძვინარებს კინეტაშიც, სადაც ზღვის მთელ სანაპიროზე წიწვნარია გაშენებული და ხეივანს, ცეცხლი ერთიანად ეკიდება.
„ტყიდან ყველაფერზე, გარშემო არსებულ ინსფრასტრუქტურაზე ვრცელდება. ხალხი ზღვაში შეცვივდა, მაგრამ ისეთი ძლიერი ცეცხლი იყო, ზურგები დაგვეწვაო, ჰყვებოდნენ. დილით რამდენიმე ათეული მანქანა იყო დამწვარი, შემდეგ ალბათ უარესი ვითარება იქნებოდა. მე დავტოვე ქალაქი, თუმცა, ახლა სადაც ვარ, იქაც არ მგონია უსაფრთხოდ ვიყო, რადგან საშინელი ქარია", - ამბობს იულია შამრაი.