გია ხუხაშვილი თვლის, რომ ამ დაჯგუფებებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი აერთიანებს
ელზა პაპოშვილი
25.07.2018

 ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელოს. მისი აზრით, გუნდში კანდიდატზე ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ და კვლავ ძიების პროცესში არიან.

ხუხაშვილი ამბობს, რომ დასახელებული შესაძლო კანდიდატებიდან სალომე ზურაბიშვილი "ოცნებისთვის" ყველაზე დიდი თავის ტკივილი იქნება. ის ამ კანდიდატის დასახელებას მმართველ გუნდს არ ურჩევს.

ხუხაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ პრეზიდენტს ნახევრად მოქმედებები ახასიათებს და ბრძოლის დროს მმართველ გუნდს ნებდება. მისი აზრით, რიჟვაძის აჭარის მთავრობის მეთაურად დასახელება აპოლიტიკური ნაბიჯი იყო.

"რეზონანსი": ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი წამოაყენოს. რამდენად ელით ამას და როგორ ფიქრობთ, გუნდს ჰყავს თუ არა უკვე შერჩეული კანდიდატი?

გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ნაკლებად სავარაუდოა. ეს არის სასურველი, მაგრამ ნაკლებად მგონია, რომ ამ პოსტზე საკუთარ თავს დაასახელებს. რაც შეეხება გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმებას, მგონია, რომ მათ ჯერ არავინ არ ჰყავთ და კიდევ ძიების პროცესში არიან.

"რ": ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და მაია ცქიტიშვილი ყოფილიყვნენ საპრეზიდენტო კანდიდატები. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე და როგორ შეაფასებთ მათ შანსებს?

გ.ხ: არ ვიცი ზუსტად, რა ინფორმაციაც ვრცელდება, მეც ის ვიცი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, მისი ხასიათიდან გამომდინარე, "ქართული ოცნებისთვის" სერიოზული თავის ტკივილი იქნება. ეს მარგველაშვილზე მძიმე და სხვა შემთხვევაა. მმართველ გუნდს ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისგან თავის შეკავებას ვურჩევ.

"რ": ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ გუბერნატორებს პრემიერი ბახტაძე არ შეხვდა და ზოგ მათგანზე უსფართხოების სამსახურში გამოძიებაც კი არის დაწყებული. რა ხდება, ნამდვილად ასეთი კორუფციაა ქვეყანაში? რასთან გვაქვს საქმე?

გ.ხ: სამართლებლივად ამ ადამიანებს რას შეიძლება ედავებოდნენ, მე ვერ ვილაპარაკებ. თუმცა, პოლიტიკურად ლოგიკურია, როდესაც პრემიერი იცვლება, მას სჭირდება, რომ ისეთი ადამიანები ჰყავდეს გვერდით, ვისაც ენდობა და მათთან ურთიერთობისას მეტი კომფორტი ექნება. რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი, ამას უნდა დაველოდოთ, დრო გვაჩვენებს.

"რ": არის მოსაზრებები, რომ "ოცნებაში" ახალგაზრდების ერთი ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც გარკვეულ საკითხებს საკუთარ თავზე იღებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები დამოუკიდებლად რამეს წყვეტენ?

გ.ხ: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ "ოცნებაში" ვინმე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ბიძინა ივანიშვილის გარდა იქ არავის გააჩნია. "ოცნებაში" ძალიან ბევრი დაჯგუფებაა, მათ ერთმანეთი ეჯავრებათ, მაგრამ იძულებულნი არიან, რომ ერთ პარტიაში იმოღვაწეონ. მათ არაფერი საერთო არ აქვთ, გარდა ბიძინა ივანიშვილისა.

"რ": ქუმსიშვილი-ალავიძის პროკურატურაში დაბარება და ამის გახმაურება წინასაარჩევნოდ "ოცნების" რეიტინგზე როგორ იმოქმედებს, ეს არის რამე მიზანმიმართული კამპანია? ხომ შეიძლებოდა, რომ არჩევნების შემდეგ გახმაურებულიყო, ეს მმართველი გუნდისთვის მომგებიანი იქნება?

გ.ხ: მე ასე ვერ ვიტყოდი, შეიძლება, ამან პირიქით, დადებითი ეფექტი მოიტანოს. მინისტრების სამართლებლივი დევნა არჩევნებამდეც სასარგებლოა. გააჩნია პიარტექნოლოგიას, სათავისოდ ამ ფაქტს როგორ გამოიყენებენ. ორივე ტაქტიკას არსებობის უფლება აქვს.

"რ": მარგველაშვილის გადაწყვეტილებას თქვენ როგორ აღიქვამთ, როდესაც მან აჭარის მთავრობის მეთაურად "ოცნების" კანდიდატი დაასახელა, რა იყო მისი მიზანი?

გ.ხ: მარგველაშვილისთვის ასეთი ნახევრად მოქმედებები დამახასიათებელია. ერთი მხრივ, თითქოს პროტესტს აცხადებს, შედის რაღაც ბრძოლაში და, საბოლოო ჯამში, ფაქტობრივად, ნებდება. ყველა ბრძოლიდან ასე გამოდის. რა თქმა უნდა, ეს უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს და პოლიტიკა ასე არ კეთდება.

ყველას მერე უკმარისობის გრძნობა უჩნდება. ადამიანებს აინტერესებთ, თუ შენ ხელისუფლებას ოპონირებ, მაშინ ბოლომდე უნდა მიჰყვე. ოპონირების რეჟიმში შედიხარ და ბოლოს ნებდები, ეს პოლიტიკოსის საქციელი არ არის.

"რ": მარგველაშვილი დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარ თავს?

გ.ხ: მე მგონია, რომ მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და ვერ ყალიბდება. თავად არ იცის, რა უნდა და მე ამაზე ზუსტი პასუხი როგორ გითხრათ.

"რ": მედიაში კეთდება განცხადებები, რომ შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციაში ვიხილოთ. რას იტყვით ამაზე?

გ.ხ: კვირიკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა წარმოუდგენელი და ბუნდოვანია. ის რომ ოპოზიციაში ვიხილოთ, ძალიან კომიკური სანახავი იქნება. მას არანაირი პოლიტიკური წონა და მონაცემები არ აქვს. მას ახლა სხვა პრობლემები აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×