მარი ჩიტაია
25.07.2018

 დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირება მძღოლების დიდი ნაწილისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემის შემოღებით პარკირების გადასახადი თბილისის ცენტრში დაახლოებით 20-30-ჯერ გაიზრდება. მართალია, ჯერჯერობით, პარკირების საფასურის ზუსტი მოცულობა არ სახელდება, მაგრამ, სპეციალისტების ინფორმაციით, საუბარია, რომ საათობრივი სისტემის შემთხვევაში 1 ლარი გახდეს. იმისთვის, რომ მძღოლმა მანქანა ცენტრალურ უბანში დაახლოებით 3-4 საათით გააჩეროს, მას 3-4 ლარის გადახდა მოუწევს. ამ სქემის მიხედვით, პარკირების გადასახადი მოქალაქეებს დაახლოებით 30-ჯერ გაეზრდებათ.

ვრცლად დეტალები არ გასაჯაროებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ცვლილებას თბილისის მერია მომავალი წლიდან გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ მძღოლები მთელი 1 წლის განმავლობაში უალტერნატივო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ახალი ავტომობილების შემოყვანა მხოლოდ 2020 წელს იქნება შესაძლებელი. იმის ნაცვლად, რომ პრობლემა მოაგვარონ, საცობების პრობლემა შეიძლება, 2019 წელს უფრო გართულდეს, სანამ ხალხს რეალურ ალტერნატივას შესთავაზებენ.

ერთი შეხედვით, მერია ამით საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ცდილობს, მაგრამ, რეალურად, ამ საფასურის გადახდა მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან მოუწევს.

კერძოდ, დედაქალაქის ისეთ ადგილებში, სადაც საპარკინგე ადგილებზე მაღალია მოთხოვნაა, ზონალურ-საათობრივი საფასურის სისტემა შემოვა, დანარჩენ ადგილებზე პარკირების არსებული სისტემა დარჩება. დედაქალაქის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განმარტებით, საპილოტე პროექტი თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდება.

"პროექტზე ვმუშაობთ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, სად უფრო მარტივი და ეფექტური იქნება პარკირების სისტემის ამოქმედება. პარკირების მოდელი საკმაოდ მარტივი და ეფექტურია მომხმარებლების მხრივ, მაგრამ ის ემსახურება საპარკინგე ადგილებზე, კრიტიკულ მონაკვეთებში მოხმარების შემცირებასა და მოთხოვნის ზრდას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი", - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, მისი თქმით, პარკირების საფასურის საათობრივ განსაზღვრას გულისხმობს.

"ისეთ ადგილებში, სადაც მაღალია მოთხოვნა საპარკინგე ადგილებზე, ზონალურ-საათობრივი საფასურის სისტემა შემოვა. დანარჩენ ადგილებზე დარჩება იგივე სისტემა, რაც დღეს არის", - აღნიშნა ხმალაძემ და დასძინა, რომ, წლიური 50-ლარიანი საფასურის გარდა, შემოვა პარკირების საათობრივი საფასური. მისივე განმარტებით, ეს არის დამატებითი მასტიმულირებელი საშუალება, რომ შემცირდეს კერძო ტრანსპორტის მოხმარება და გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება.

ამის ერთ-ერთ რეალურ შესაძლებლობად კი სწორედ პარკირების მაღალი გადასახადი მიიჩნევა. როგორც მმართველი უმრავლესობის კვოტით საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ამბობს, გადასახადი უნდა გახდეს ისეთი, რაც სერიოზულად დააფიქრებს ადამიანს, უღირს თუ არა საკუთარი ავტომობილით გადაადგილება და ზედმეტი დანახარჯის გაწევა. თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ პარკირების თანხა უნდა იყოს გონივრული, თავად სისტემა კი - საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გაზრდაზე ორიენტირებული.

"პარკირების შესახებ ეს რეკომენდაცია გენგემით არის გათვალისწინებული, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ისედაც ფაქტია, დედაქალაქის ვერც ერთი მმართველობა ვერ გაუძლებს იმ ტვირთს, რაც ცენტრალურ უბნებში უფასო პარკირებაა. ამ დროს ჩვენი დედაქალაქის გამტარუნარიანობა საკმაოდ დაბალია, თავისი ლანდშაფტიდან, წინა წლების ქაოსური მშენებლობებისა და ავტოპარკის სიდიდიდან გამომდინარე. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მთელ დედაქალაქში 33 ათასამდე საპარკინგე ადგილია, მანქანების რაოდენობა კი ნახევარ მილიონს აღწევს, რასაკვირველია, საჭიროა განმუხტვისა და საპარკინგე ადგილების გამოთავისუფლების გეგმაც.

სხვაზე რომ არ ვისაუბრო, ჩემისთანა ადამინი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა საკუთარი ავტომობილით გადაადგილება და ზედმეტი დანახარჯის გაწევა, თუმცა იქამდე, რასაკვირველია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მოწესრიგდეს," - აცხადებს შალვა ოგბაიძე.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებას მძღოლების უკმაყოფილება მოჰყვეს.

"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ცვლილებები არათუ თანმხვედრი, ელემენტარულად, თანმიმდევრულიც არ არის, რის გამოც მძღოლებს პარკინგთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა შეექმნებათ.

"პარკირების სისტემის ცვლილებები წინ უსწრებს ავტობუსების რაოდენობის შევსებას. ეს ფაქტორი მაქსიმალურად გასათვალიწინებელია. როგორც ვხედავთ, პარკირება ძვირდება, ადამიანები შეიძლება, ვერც მივიდნენ ქალაქის ცენტრში მაღალი გადასახადის გამო. ისინი რაღაცით ხომ უნდა გადაადგილდნენ ცენტრალური უბნების მიმართულებით და გარეუბნებშიც, მაგრამ სერიოზული ბარიერი ხვდებათ. რეალურად გადაადგილება ხდება ძალიან რთული, ტრანსპორტი გადატვირთულია, შეიძლება, აგვისტოში ასე მკვეთრად არ იგრძნობა, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერში ვითარება ამ მხრივ ნამდვილად დამძიმდება. როცა მოქალაქეებს ავტომობილით სარგებლობას უზღუდავ (რაც რეალურად ასეა), მაშინ ალტერნატივას უნდა სთავაზობდე. თუმცა ასე არ ხდება, იმის ნაცვლად, რომ პარკირების გაძვირების პროცესს მერია მომზადებული დახვდეს, ალტერნატიულ შესაძლებლობას მოქალაქეებს იგი მხოლოდ 2020 წელს სთავაზობს, მაშინ, როცა 2019 წლიდან უკვე პარკირების გადასახადი უნდა გაძვირდეს. ავტობუსების შემოყვანა კარგია. ეს მოგვწონს და ამას ვაღიარებთ, მაგრამ ცვლილებები უნდა იყოს თანმხვედრი მაინც, თუ თანმიმდევრული არ არის", - აცხადებს მესხიშვილი.

მისი ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ ცენტრალურ უბნებში საათობრივი პარკინგის საფასური 1 ლარამდე გაძვირდეს, როცა დღეს დღიური პარკინგის გადასახადი 13 თეთრს არ აღემატება.

"მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემთვის არის ის, რომ არ ვიცით და უნდა წარმოადგინონ კონკრეტული ღონისძიებები, რასაც გუშინ სატრანსპორტო პოლიტიკა დაარქვეს, მაგრამ რეალურად სულ სხვა იყო. არ გვაქვს ამომწურავი ინფორმაცია, რომ წარმოვადგინოთ სრული სურათი, თუ გადასახადების ზრდა კონკრეტულად რა უბნებს ეხება, რა ადგილებს და ზუსტად რამდენი იქნება საათობრივი გადახდის ტარიფი.

"ნებისმიერი თანხა, რომელიც უნდა ვთქვა, სპეკულაციად შეიძლება ჩამითვალონ, მაგრამ ველოდები, რომ პარკირების საათობრივი გადასახადი, რომელიც დღეს 13 თეთრია, დაახლოებით 1 ლარამდე განისაზღვრება. ვიღაცას შეიძლება გადასახადი დღეში 10 ლარიც დაუჯდეს. ასე თუ მოხდა, ავტომობილით გადაადგილებაზე ბევრი იტყვის უარს, ამიტომ თანმიმდევრობები არათუ მისაღები არ არის, სავსებით ბუნდოვანია. ოფიციალურად ითქვა, რომ გადასახადის მოდელი ზონარული-საათობრივი იქნება, რის გაკეთებაც თავის დროზე "სითი პარკს" სურდა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან სერიოზული პროტესტის გამო მაშინდელმა ქალაქის მერმა ეს პროცესი შეაჩერა. სინამდვილეში, ეს ინიციატივა ახალი კი არ არის, არამედ "კარგად დავიწყებული ძველია".

არ ვიცი, ამჯერადაც მოჰყვება თუ არა პროტესტი, მაგრამ უკმაყოფილება აშკარად მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ალტერნატივას არ მთავაზობენ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დეტალები სრულყოფილად გამოქვეყნდეს", - აცხადებს მესხიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×