ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნება დიდად რომ არ ესიამოვნა. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პირველ არხზე განაცხადა.
„ამ ფონზე, როდესაც ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც ძალიან კარგია – დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებებიც სწორედ იმაშია, რომ ადამიანებზეა მაქსიმალურად ყველაფერი მორგებული. ადამიანსა და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არა მარტო გამოხატვის, სხვადასხვა დემოკრატიული ღირებულებები რომ არ ჩამოვთვალო, არამედ მათით სარგებლობის საშუალება. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გაღრმავდა და გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობაც და გამონათქვამებიც, ვინც თავისუფლად საუბრობს პრობლემებზე. საუბრობს ის ხალხიც, რომელიც არასდროს საუბრობდა, კრიტიკულად საუბრობენ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალიან ცუდ პოზიციებში მოგვევლინებოდნენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ამ ფონზე, მედიაც ძალიან ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია თავისუფალი მედია, გადააჭარბოს სჯობს, ვიდრე შეზღუდული იყოს. ეკონომიკა კიდევ ვერ ასწრებს, დემოკრატიული ნაწილი ისე სწრაფად ვითარდება. მხედველობაში მაქვს, რომ დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა“. ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ ბავშვებს სწავლის ფული გადაუხადონ, ცარიელია მაცივრები…“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.