არჩევნების წინ მთავრობა გარემოვაჭრეების მიმართ მიდგომას ცვლის და ლოიალურობას იჩენს. საქართველოს უმეტეს რეგიონსა და დედაქალაქშიც ეს პრობლემა დროებით მივიწყებულია, მათ შორის - საკურორტო რეგიონებშიც, სადაც გარევაჭრობასთან ბრძოლა ყოველი საკურორტო სეზონის დაწყებამდე ანონსდება.
თბილისში, ერთი შეხედვით, აღმოფხვრილია პრობლემა, მაგრამ მასთან გამკლავება რეალურად უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამის მიზეზი მძიმე სოციალური ფონია, რაშიც გარემოვაჭრეები იმყოფებიან და ყველა დროის ხელისუფლებისთვის ეს საკითხი არის ჯაჭვის სუსტი რგოლი, რასაც ხშირად აღიარებდნენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ბოლო დროს მეტროს მიმდებარე ტერიტორიებთან გარევაჭრობა კვლავ უკონტროლოდ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება კანონით იკრძალება, სოციალური სიდუხჭირისა და თვითდასაქმებული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ვერც დედაქალაქისა და ვერც სხვა ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემას სრულად ვერ აგვარებს. ამით დისკომფორტს განიცდის მოსახლეობა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხშირად ითხოვს ქმედითი ნიბიჯების გადადგმას, თუმცა გარემოვაჭრეების განაწყენება წინასაარჩევნოდ ყოველთვის წამგებიანია, რადგან იგი არცთუ ისე მცირე ელექტორატის დაკარგვას ნიშნავს.
"რეზონანსი" თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პრობლემასთან ბრძოლა არ შესუსტებულა.
"ჩვენი თანამშრომლები კვლავ აწარმოებენ მონიტორინგს. ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ შესუსტებულა გარევაჭრობის აღმოსაფხვრელად ზრუნვა. ასევე, დარღვევის შემთხვევაში, შემოსულ ზარებზე ვრეაგირებთ მყისიერად", - აცხადებენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში.
სხვაგვარია მოქალაქეთა პოზიცია. თბილისის მკვიდრი მარიამ მიქიაშვილი ამბობს, რომ გარევაჭრობის პრობლემამ დედაქალაქში კვლავ თავი იჩინა.
"ბოლო რამდენიმე თვეა, გარემოვაჭრეები შუადღის მერე უკვე მეტროებთან სხედან და აკრძალულ საქმიანობას აგრძელებენ. ეს პრობლემა ბოლო 1 წელი, ფაქტობრივად, მოგვარებული იყო, მხოლოდ ღამე თუ გამოვიდოდნენ, ისიც გვიან, ახლა მათი მუშაობის "გრაფიკმა" გადმოიწია. ალბათ, ხელისუფლება მოვაჭრეების გაბრაზებას ერიდება, მაგრამ რატომ იმაზე არ ფიქრობენ, რომ მეტი ადამიანია უკმაყოფილო, რადგან დისკომფორტს განვიცდით. პრინციპში, საქართველოში ყველაფერზე ასეა, რეგულაციები დროებით მუშაობს, კანონის მიღებიდან რამდენიმე თვე", - ამბობს მარიამ მიქიაშვილი.
პრობლემის სიმძიმე კარგად ნაცნობია სპეციალისტებისთვის, რომელთა შეფასებითაც, წინასაარჩევნო პერიოდში გარევაჭრობის თემა ყოველთვის რჩება განზე.
სოციოლოგი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ მთავრობა წინასაარჩევნოდ ელექტორატის გაღიზიანებასა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას ერიდება, ამით კი გარემოვაჭრეები სარგებლობენ.
"ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც ორი მხარე აქვს. ერთია, რომ ხალხი სოციალურად შეჭირვებულია და ამით შოულობს სარჩოს, მეორე მხარეს ქალაქის იერსახეა.
ცხადია, პრობლემაა ბათუმშიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ქალაქია, ამიტომ ქალაქის ხელმძღვანელობა ვალდებულია, განსაკუთრებით ზრუნავდეს ქალაქის გარეგნულ მხარეზე, არა მხოლოდ ტურისტებისათვის, არამედ - ადგილობრივების კომფორტისთვისაც. ბათუმის შემთხვევაში, გარემოვაჭრეებს შესთავაზეს ცარიელი სავაჭრო ფართები, მაგრამ რადგან ეს არ იყო ისეთი ცენტრალური უბანი, როგორიც ღია ცის ქვეშ მათი დახლებია, უარი განაცხადეს. გასაგებია, რომ ყველა მათგანს ბანკის ვალი აქვს და დალხენილ ცხოვრებას არავინ გამოჰყავს ქუჩაში სავაჭროდ, მაგრამ ამას არ უნდა ეწირებოდეს უმრავლესობის ინტერესები.
აქ მთავარია, თვითონ გარემოვაჭრეებმაც იციან, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ ძალისმიერ მეთოდებს მოერიდება, სწორედ ამას ვუკავშირებ თბილისში მოგვარებული პრობლემის კვლავ მწვავედ დადგომას. საჭიროა არა მხოლოდ სოციალური მხარის დანახვა, არამედ ხელისუფლების მხრიდან ქალაქის იერსახესა და ასევე სანიტარიულ ნორმებზე ზრუნვა", - ამბობს აროშიძე და დასძენს, რომ სრულიად საფუძვლიანია იმის მტკიცება, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება სიტუაციის დაძაბვას ერიდება.
"მთლიანობაში, გარევაჭრობა მრავალი ქალაქის პრობლემაა. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. მისი აკრძალვა წაადგება ხელისუფლების ავტორიტეტს მოსახლეობაში, მაგრამ ამ ეტაპზე მშვიდად ცდილობენ არჩევნებისწინა ვადის გადაგორებას. ბათუმში, ყოველი სეზონის დაწყებამდე, არის მოლოდინი, რომ გარევაჭრობა აიკრძალება, თუმცა საქართველოში თითქმის ყველა წელი საარჩევნოა და ამის გამო, ხელისუფლების სიფრთხილეს ბოლო აღარ უჩანს. პრობლემა მოუგვარებელია და სამწუხაროა, რომ დედაქალაქში მოგვარებულ პრობლემაზეც მერიამ ინდულგენცია გასცა არჩევნებამდე", - აცხადებს პაატა აროშიძე.