"ქართული ოცნება" რამდნემე დღეა, საპრეზიდენტო კანდიდატზე აქტიურად მსჯელობს და მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ქალი იყოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, ასაკი და გენდერი იყოს.
ვინ შეიძლება იყოს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი, ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა იყოს წამოყენებული "ქართული ოცნების" მიერ, მაგრამ არ გამორიცხავს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასაც. მან ასევე აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეც შესაძლოა, მათ რიგებს მივამატოთ.
"პარლამენტში არიან ქალები და შეიძლება, რომელიმე მათგანი იყოს დასახელებული. "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატ მაია ცქიტიშვილს არ გამოვრიცხავ, რადგან კარგი ორგანიზატორია, მაგრამ შესაძლოა, იქ ეძვირფასებათ, სადაც ახლა არის.
"შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც იყოს დასახელებული. თუკი იმ კრიტერიუმს გავითვალისწინებთ, რომ იგი პარტიას არ ეკუთვნის და ასევე, არც "ქართული ოცნების" წევრი არ არის. ასევე, შთამბეჭდავი ქალბატონია ნინო ბურჯანაძე", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, პარტიისა და მისი კანდიდატის რეიტინგი ერთ სივრცეში გადის და აცხადებს, რომ ძირითადი ბრძოლა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გაიმართება, რომელთაც შესაძლოა, "ევროპული საქართველოც" დაემატოს.
მან განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიები არჩევნებს იმ შემთხვევაში მოიგებენ, თუკი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა და მეორე ტური ჩატარდება. ამ შემთხვევაში გამარჯვების მეტი შანსი "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება.
მისი თქმით, მეორე ტურში შესაძლოა, იმ ადამიანების გაერთიანება მოხდეს, ვინც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგია და გამარჯვების შანსი ოპოზიციურ პარტიებს ნამდვილად გაუჩნდებათ.
"ოპოზიციური პარტიების დასახელებული კანდიდატი, მეტ-ნაკლებად, პარტიის რეიტინგს ატარებს. ვინც არ უნდა დაასახელოს ოპოზიციურმა პარტიამ, დამარცხებული იქნება და ამ შემთხვევაში მათი პარტიების ლიდერი წამგებიან მდგომარეობაში აყენებს თითოეულს.
"ვინაიდან პრეზიდენტი გაუგებარი ფიგურაა, ანუ ძალაუფლება მას არ გააჩნია, შეიძლება, ხალხისთვის სულერთი აღმოჩნდეს, რომელი პარტია იქნება ამ თანამდებობაზე და შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გარეთ გამოსვლაც კი დაეზაროთ.
"ასეთი გაზარმაცების ფონზე, აქტიური ამომრჩეველი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას" და შანსი არის იმისა, რომ თუკი თეორიულად წარმოვიდგენთ კომბინაციას, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას "ქართულ ოცნებას". ამ შემთხვევაში მეორე ტური გამორიცხული არ არის.
"თუკი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდა და დავუშვათ მეორე ტურიც შედგა, მეორე ტურში ყველა, ვისაც ივანიშვილის დამარცხება უნდა, გაერთიანდება და გამორიცხული არ არის, რომ მეორე ტურში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვოს.
"ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გამარჯვების მეტი პოტენციალი აქვს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". ორივე მათგანი პოლიტიკურ კაპიტალად აქცევს ამ გამარჯვებას.
"თვითონ პრეზიდენტს ვერაფერში გამოიყენებენ, მაგრამ იდეოლოგიას შექმნიან იმისას, რომ რაღაც არჩევნებში დაამარცხეს პარტია, სადაც ივანიშვილი იყო. შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნებში უკეთეს დღეში აღმოჩნებიან ოპოზიცური პარტიები, ვიდრე ადრე იყვნენ. ამიტომაც, საპრეზიდენტო არჩევნებით გარკვეული საძირკველი ეყრება საპარლამენტო არჩევნებს", - განაცხადა მან.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" გამარჯვების რეალური შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუკი ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მმართველ გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მოუწევს. ამ შემთხვევაში უპირატესობა "ქართულ ოცნებას" ექნება.
"სცენარი არის დაძაბული; ძირითადი ბრძოლა სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არის. ბრძოლა ხელისუფლებას მოგებული ექნება რამდენიმე შემთხვევაში;
"ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების დროს ხალხი რეალური ძალაუფლების მქონე გუნდს ირჩევს და შემდეგ - პრემიერსა თუ მთავრობას. საარჩევნო კამპანიის დროს ალტერნატივა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის იყო ხოლმე. ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" ვისაც არ უნდა, ის ავტომატურად მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატად ვინც არ უნდა დაასახელოს, ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს და ძაბირაძე მეორე ტურის ჩატარებას გამორიცხავს.
"ვინც არ უნდა დაასახელოს "ოცნებამ", მას გამარჯვების მაღალი შანსი აქვს. მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი, ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი მაინც არ ექნება, რადგან ოპოზიცია კვლავ დაშლილია, ამიტომაც ყველაფერი პირველ ტურში უნდა დამთავრდეს.
"თუ რამე შეიცვალა და საქმე მეორე ტურამდე მივიდა, "ოცნებას" მაინც გარანტირებული აქვს გამარჯვება და ამ შემთხვევაში, კანდიდატი ქალი იქნება თუ კაცი, "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებში პრობლემები არ შეექმნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.