"ძირითადად ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, ზოგადად, ორი სიტყვით გავცვალეთ მოსაზრებები ჩემი პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით", - ასეთი კომენტარი გააკეთა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ.
რა გეგმები აქვს სამომავლოდ და აპირებს თუ არა, გაასაჩივროს პოლიტსაბჭოში პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილება მისი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე, "რეზონანსი" დავით ჭიჭინაძეს გაესაუბრა.
"რეზონანსი": რამდენადაც ვიცით, თქვენ შეხვედრა გქონდათ აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან სასტუმრო "თბილისი მარიოტში". ვისი ინიციატივით გაიმართა ეს შეხვედრა და ძირითადად რა საკითხებზე ისაუბრეთ?
დ.ჭ: ინიციატივა აშშ-ის საელჩოდან მოდიოდა, მე დამიკავშირდა საელჩოს თანამშრომელი და შევთანხმდით შეხვედრაზე. ძირითადად ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე.
"რ": ე.ი. საუბარი არ ყოფილა პარტიიდან თქვენი გარიცხვის თაობაზე?
დ.ჭ: მე ვფიქრობ, რომ პარტიიდან ჩემი გარიცხვის საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი არ არის და აქცენტი ამაზე არ გაკეთებულა, თუმცა იყო საუბარი და ზოგადად, ორი სიტყვით გავცვალეთ მოსაზრებები. ძირითადად, საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე.
"რ": ეს თქვენი პირველი შეხვედრა იყო აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან თუ ადრეც იყო მსგავს თემებზე საუბარი საელჩოს წარმომადგენლებთან?
დ.ჭ: აშშ-ის საელჩო გამოირჩევა აქტიურობით და საელჩოს წარმომადგენლებს ხშირად ჰქონიათ შეხვედრები ქართველ დეპუტატებთან, მათ შორის - ჩემთან. ასე რომ, ეს პირველი შეხვედრა არ ყოფილა.
"რ": თქვენს სამომავალო გეგმებზე რას გვეტყვით, აპირებთ, გაასაჩივროთ სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში პარტიიდან თქვენი გარიცხვის თაობაზე?
დ.ჭ: სამდივნომ გაავრცელა განცხადება პარტიიდან ჩემი გარიცხვის თაოაბზე. ეს იყო მათი ინიციატივა და ნიშნავს თუ არა ეს პარტიიდან გარიცხვას, ამას გავიგებთ, როცა მივიღებ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრო თუ არა პოლიტსაბჭოში სამდივნოს მიერ გავრცელებული განცხადება.
კონსულტაციებს გავდივარ იმ ადამიანებთან, ვინც უფრო ჩახედულია ამ პროცედურებში. თუ გავასაჩივრებ, ალბათ, მაშინ გაიმართება მსჯელობა ჩემი პარტიიდან გარიცხვის მიზეზებზე.
"რ": იმ შემთხვევაში, თუ პოლიტსაბჭომ არ დააკმაყოფილა სამდივნოს გადაწყვეტილება, დარჩებით პარტიაში?
დ.ჭ: ვისთვის არის მნიშვნელოვანი ჩემი პარტიაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი, ვერ გეტყვით, მაგრამ პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო "ოცნების" წევრი.
ასე ადვილი არ არის "ქართული ოცნების" დათმობა, ეს არის ის "ოცნება", რომლის ასრულებასაც ქართველი ხალხი ელოდება. პოლიტიკური ცხოვრება მიდის და ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" წევრობისთვის უნდა იბრძოლო.