"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო რესპუბლიკამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის განვითარება დაიწყო
ტატა შოშიაშვილი
25.07.2018

 სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემ და "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა დამასკოში ხელი მოაწერეს "რესპუბლიკებს" შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმებას.

სირიის არაბული საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ შეხვედრის მსვლელობისას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს მთელ რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სირიასა და "სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც სირიამ ორივე სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუალემ განაცხადა, რომ გაფორმდება რიგი ხელშეკრულებებისა, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს.

"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა რესპუბლიკის მმართველი გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა სირიას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მხარდაჭერისთვის. ამასთანავე, შეხვედრაზე განაცხადა, რომ სეპარატისტულ რესპუბლიკას სირიასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარება სურს.

გარდა ამისა, მედოევმა აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო რესპუბლიკა სოლიდარობას უცხადებს სირიელ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.

პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ ეს იყო გაგრძელება იმის შემდეგ, რაც სირიამ "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა.

"ეს ბუნებრივი გაგრძელება იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და სირიის ურთიერთობისა. სირია, გარკვეულწილად, ვალდებულია რუსეთის წინაშე, რადგან რუსეთმა გადაარჩინა ბაშარ ასადის რეჟიმი ქვეყანაში, წარმატებას მიაღწევინა და პრაქტიკულად, ბაშარ ასადის რეჟიმი ტერიტორიების ძირითად ნაწილს ფლობს, რაც შეუძლებელი იყო რუსეთის მხარდაჭერის გარეშე.

"რუსეთმა სირიის საშუალებით სხვა საქმე გააკეთა - მან აფხაზებსა და ოსებს შეუქმნა გაწყობა იმისა, რომ რუსეთი მათზე ფიქრობს. ბაშარ ასადი, ასე ვთქვათ, ვალში იყო რუსეთთან და სწორედ ასეთი ფორმით გადაუხადა ვალი. ასე რომ, სამწუხაროდ, ეს გარდაუვალი პროცესი იყო", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

"რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით სირიამ თავისი თავი ჩაიგდო უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ქვეყანას თავად აქვს ძალიან დიდი პრობლემები ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

"როდესაც სირია სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში - საქართველოს, ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, მსოფლიო სირიას ეტყვის - "რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი შენს ტერიტორიულ მთლიანობას მაშინ, როდესაც შენ სხვის ტერიტორიულ მთლიანობა არღვევ?"

"ჩემი აზრით, სირია ძალიან რთულ მდგომარეობაშია. დიპლომატიური ურთიერთობის გაფორმებაში ახალი იმდენად არაფერია, რადგან ამან გაიმეორა აღიარება. აქ ერთი მეორესგან გამომდინარეობს.

"ეს ფაქტი იმას გვახსენებს, რომ საქართველოს დიპლომატიამ მაქსიმალურად კარგად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ სირიამ ვერ მიიღოს ვერანაირი დახმარება, თუ უკან არ წაიღებს ამ აღიარებას. მგონია, რომ ამ მიმართულებით სამუშაო აქვს ქართულ დიპლომატიას", - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, რთული იქნება იმ სახელმწიფოების ან სახელმწიფოს დასახელება, რომელიც შემდეგი გადადგამს ამ ნაბიჯს და აღიარებს სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.

"ახლა არ ჩანს, მაგრამ სირიასთან მიმართებით ძალიან აშკარა მოქმედებები იყო. უკვე სამი წელი ეჭიდავებოდა სირია რუსეთს. სირიის დეპუტაცია ჩადიოდა სოხუმსა და ცხინვალში, იქიდან ჩავიდნენ სირიაში, შეხვდნენ მოსკოვში აფხაზეთისა და ოსეთის წარმომადგენელ ოფიციალურ პირებს.

"დიდხანს ჩანდა, რომ რუსეთი ცდილობდა სირიის დარწმუნებას. მას შემდეგ, რაც სირია დარწმუნდა, რომ რუსეთი მას რეალურად ეხმარებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

"ასე ძალიან რუსეთზე დამოკიდებული სახელმწიფოები ბევრი არ არის. ვინც უშუალოდ "ჩამოკიდებულია" რუსეთზე და რუსეთის გარეშე ვერ იარსებებს და რეჟიმს ვერ შეინარჩუნებს. აი, ის სახელმწიფოები, მადლიერების ნიშნად, გადადგამენ ასეთ ნაბიჯებს.

"ასე რომ, ჯერჯერობით არ ჩანს არც ერთი ის სახელმწიფო, რომელიც ასეა დამოკიდებული რუსეთზე და მზად არის შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. ეს რუსეთის პრობლემაა, რომ ვერ ახერხებს სხვა სახელმწიფოების დაჯერებას იმაში, რომ აღიარონ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა.

"მე ამ წუთში არ მაქვს იმის განცდა, რომ რომელიმე სახელმწიფომ შესაძლოა, უახლოეს ხანებში აღიაროს სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა", - თქვა პოლიტოლოგმა.

ზაქარეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საკმაოდ კარგად მუშაობენ.

"ჩვენი მეგობრები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ძალიან ეფექტურად მუშაობენ არაღიარებაზე იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოებსაც აქვთ კავშირები ზოგიერთ ისეთ ქვეყანასთან, რომლებთანაც რუსეთსაც აქვს კავშირი. რუსეთი ამ ბოლო დროს უფრო აგრესიული გახდა, უკრაინის მოვლენების გამო.

"ავსტრალია ჩვენ მხარესაა და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ა.შ. წამყვანი რეგიონული სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს, ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვინმესთან მუშაობს, ესენი მუშაობენ ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ.

"თუ რუსეთი მუშაობს იმაზე, რომ დააჯეროს ვინმე სხვადასხვა საკითხში, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი თუ ავსტრალია ან სხვა, ცდილობენ პირიქით იმუშაონ, რათა გადააფიქრებინონ. ასე რომ, დიპლომატიური ბრძოლა მიმდინარეობს და ვთვლი, რომ ეს ბრძოლა არა რუსეთის, არამედ საქართველოს სასარგებლოდ მიდის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სირიამ აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკისა და ე.წ. სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×