საბერძნეთში ბოლო მონაცემებით, ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ქართველი ქალი, რომელიც მოხუცს უვლიდა, თუმცა აღნიშნულს საელჩო არ ადასტურებს.
„ქარია და ტემპერატურაც მაღალია, რაც მაშველებს ხელს უშლის. შევიტყვეთ, რომ დაღუპულია ერთი ქართველი ქალი, რომელიც მოხუცს უვლიდა“, - ამბობს ათენში მცხოვრები, ხრისტოს კეხაგიასი.
საბერძნეთში მცხოვრები კესო სამხარაძე ამბობს, რომ ათენის გარეუბანში ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მოსახლეობა სახლებისა და მანქანების დატოვებას ვერ ახერხებდა.
„ქალაქში სიმშვიდეა, მაგრამ დიდი ტრაგედიაა, დილიდან აცხადებენ, რომ 60 ადამიანია გარდაცვლილი, 6 კილომეტრია ტერიტორია გადამწვარი, 1200-ზე მეტი სახლია დამწვარი. დაკარგულია 200-ზე მეტი, უკვე ვეღარ ითვლიან, რამდენია დაკარგული. ზოგი დაიწვა, ზოგი წყალში გადახტა და დაიღუპნენ. ბავშვები მშობლებთან ერთად არიან დამწვარი თავიანთ ეზოში. ბევრი მანქანაში ჩაიწვა, იმიტომ რომ ვერ მოასწრეს მანქანებიდან გადმოსვლა,“- ამბობს კესო სამხარაძე.