(რეზონანსი) მოქალაქე მარინა ბეგაძე სოციალურ ქსელში დავით სარალიძის ბაბუის სიტყვებს აქვეყნებს:
წმინდა,ალალ და მეგობრებისთვის თავგანწირულ სულს ვულოცავ დაბადების დღეს !
17 წლის გახდი დათო!როგორ გვიხაროდა ზაფხულის მოსვლა შენი დაბადების დღის გამო,ყველანი თავს ვიყრიდით და გილოცავდით.
დღესაც ვიკრიბებით გულდამწვრები და დაბეჩავებულები, ზოგი შენს საფლავზე , ზოგი ეკლესიაში და აქედან გილოცავთ!გილოცავთ და სევდაზე კიდევ მწუხრი და ნაღველი გვემატება,საოცრად კეთილი და გულღია იყავი.და ეგ სიკეთე წაიმძღვარე უფალთან შესახვედრად!გადასახლდი შორეულ სამყაროში და ჩვენ დაგვიტოვე შავ ფერებში გაფერადებული რეალობა.
ჩვენი ოჯახის წევრებისათვის ზერელე და უფერული გახდა ადამიანული ყოველდღიური ყოფა!დაგეძებთ ყველგან,შენზე ფიქრი ერთი წუთითაც არ გვასვენებს!გლოვობს შენი მშობლიური სოფელი და ყველა ვინც გიცნობდა და ისინიც ვინც შენს შესახებ შენი სიკვდილის მერე გაიგო....
ღმერთმა დაგიმკვიდროს სამარადისო სასუფეველი ჩვენო ოცნების ვაჟკაცო!დალოცე შენი მშობლები, დაიკო, ბიძაშვილები,ბიძები და დეიდები,ბიცოლები,მამიდები,მეგობრები,უბნელები,მეზობლები,კლასელები,შეყვარებული,ბებიები და ბაბუები და ყველა ვინც ლოცულობს შენი სულის ცხონებისთვის!
შენი და ჩვენი ოჯახის ცოდვებით ვერ გაიხარებენ,ვერც შენი მკვლელები,ვერც ფაქტების გამყალბებლები და ვერც ჩინოვნიკები,რომლებიც ხელს უშლიდნენ და უშლიან სამართლიან გამოძიებას და ვერც ათასგვარი სიყალბის შემთხზველები:ზონდერები,ტროლები,ბოტები და ათასგვარი ბო...ბი....
იძინე მშვიდად ჩემო პირველო სიხარულო და ოჯახის მერცხალო!იმედი მაქვს მე მალე გნახავ,ჩაგეხუტები და ისე მოგილოცავ დაბადების დღეს!!!
შენი გულდამწვარი ბაბუ-ფრიდონ სარალიძე.